|
2018-01-12 10:40:21, 3337 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს
საქართველოს საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხს ეხმაურება. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას. „როგორც ცნობილია, გასული წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რამაც საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და აღნიშნულ საკითხს, ზოგადად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც შეეხო ,,საშობაო ეპისტოლეში.” ვინაიდან პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. მაგრამ, ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ საჭიროა შემდეგი საკითხების დროულად გადაწყვეტა: „ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს; ჩანს რომ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისათვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს; აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან; ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს; ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი; აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულებების შემთხვევაში, რას უქადის მათ ხვალინდელი დღე და შეექმნათ უარყოფითი განწყობა; უნდა გამკაცრდეს ზომები, აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით; აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა“,-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში ეს მიმართულებები არ არის ასახული: „რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს. ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს“,-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)