|
2017-12-30 18:40:55, 2734 ნახვა
საზოგადოება
ცხოვრება ჰეპატიტის გარეშე, დამარცხებული „C ფაქტორი“ და განკურნების 98%-იანი მაჩვენებელი
C ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. მსოფლიოში ამ დაავადებით ინფიცირებულთა რიცხვი 150- 200 მილიონს აღწევს და ყოველწლიურაად დაახლოებით ერთიდან სამ მილიონამდე იზრდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. ამიტომ, 2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო და ამ მიმართულებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტ-ქვეყანა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მცირე ფართობი - სწორედ ამ კრიტერიუმებით შეირჩა საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს - უფასო სკრინინგს, დაავადების გამოვლენას და დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლოესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით. უფრო კონკრეტულად კი, სოფოსბუვირი/ჰარვონი, პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინით. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით (სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით) ფინანსდება. პაციენტთა მკურნალობაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს. მკურნალობის დაწყებისა და პაციენტების შერჩევის პირველ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭება პაციენტებს ღვიძლის კომპენსირებული ცეროზით (F4 მეტავირის კლასიფიკაციით), ღვიძლის შორსწასული ფიბროზით (F3 მეტავირის კლასიფიკაციით), ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით (ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები), ღვიძლის ტრანსპლანტაციით და HCV რეინფექციით, პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით, აივ და/ან HBV კოინფექციით დაავადებულებს. პროგრამის მიზანია, ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება და ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს დღემდე პროგრამაში 45 000-მდე მოქალაქეა დარეგისტრირებული. 44 000-ზე მეტი ბენეფიციარი მკურნალობაში ჩაერთო. 38 000-მდე მოქალაქემ უკვე დაასრულა მკურნალობის კურსი. განკურნების მაჩვენებლი 98%-ს აღწევს. C ჰეპატიტის სკრინინგული ანალიზის შემდეგ პროგრამაში ჩასართავად საჭირო რაოდენობრივ კვლევას ჯანდაცვის სამინისტრო სრულად დააფინანსებს. სხვა სავალდებულო კვლევები კი ისევ თანადაფინანსების პირობებით: სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 70%-ით, სხვა დანარჩენისთვის კი 30 %-ით დაიფარება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იქამდე გაგრძელდება, სანამ ბოლო პაციენტი შესაბამის მკურნალობას არ მიიღებს. „ფაქტობრივად, მეორე ეტაპი ავტომატურად დაიწყო და გაგრძელდება წინასწარ დასახული გეგმით - წელიწადში 20 000 პაციენტი და ეს გაგრძელდება იმდენი წელიწადი, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას. ჩართულობის კრიტერიუმები იქნება ნათლად ახსნილი. პირველი ეს არის რა თქმა უნდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამატებითი რისკები და მე მართლაც ძალიან მიხარია, რომ აწ უკვე ყოფილი პაციენტებიც მხარში გვიდგანან ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო აქტივობისკენ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მარტივი ანალიზის საშუალებით გაიგონ აქვთ თუ არა ეს ინფექცია, რადგან მკურნალობა აბსოლუტურად მიწვდომადია. ჩვენ ვეცადეთ და პირველი შედეგებიც მივიღეთ, C ჰეპატიტთან მიმართებაში მკაფიოდ ჩამოყალბებული სტიგმის მსხვრევა დაიწყო. მე იმედი მაქვს, მომავალში მივაღწევთ, რომ შიდსზეც დავიწყოთ ამ სტიგმის მსხვრევა, რაც მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესებს შედეგებს და მკურნალობაზე წვდომას“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, 2015 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.34 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევათა 95%-ზე მეტში სრულად განკურნება შესაძლებელია სამ თვიანი მკურნალობის კურსის შედეგად. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით ხორციელდება. ჰეპატიტი C ჰეპატიტი სისხლის გზით გადამდები ვირუსია, რომლითაც ძირითადად ინფიცირდება ღვიძლის უჯრედები, იწვევს მის ანთებას და მნიშვნელოვან დაზიანებასაც კი. C ჰეპატიტით ინფიცირება ხდება: ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტისას არასათანადოდ გასტერილებული არაერთჯერადი სამედიცინო ნემსების და სხვა სამედიცინო ინვენტარის გამოყენებისას (სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური, კოსმეტოლოგიური მანიპულაციის დროს); ნარკოტიკების მოხმარებისას საერთო ნემსის ან სხვა საერთო საინექციო მოწყობილობების ერთობლივი გამოყენებისას; დაინფიცირებული აღჭურვილობით ტატუირების ან პირსინგის გაკეთებისას; საერთო სააბაზანო აქსესუარების გამოყენებისას (კბილის ჯაგრისი, პირის საპარსი); ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე (იშვიათად); სქესობრივი კონტაქტის დროს. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადიამიანი. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც. C ჰეპატიტის გადაცემის გზებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ავადდებიან: ინტრავენური ნარკომანები და მათი სქესობრივი პარტნიორები; შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმის შემთხვევაში; ცუდად გასტერილებული სტომატოლოგოური, გინეკოლოგიური და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით მანიპულაციების დროს, გაუსტერილებელი ინსტრუმენტებით კოსმეტოლოგიური მანიპულაციების შემთხვევაში (პედიკიური, მანიკური, ტატუირება და სხვ.). C ჰეპატიტით დაავადების რისკი მაღალია არ ამარტო ინტრავენური ნარკომანიის დროს არამედ კოკაინის შესუნთქვისას, რადგან კოკაინი ძლიერ აღიზიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს და ხშირად იწვევს სისხლდენას. „ექსპრესნიუსი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს და ჯანმრთელობას გისურვებთ.
თაკო მაქაცარია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)