21:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 17:29:41, 1614 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები: შსს-მ თინათინ შენგელიას შესახებ მონაცემები მისი თანხმობის გარეშე გაამჟღავნა

 „მიგვაჩნია, რომ შსს-მ ხსენებული განცხადების გავრცელებით დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და გაამჟღავნა ფიზიკური პირის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები თავად ამ პირის თანხმობის გარეშე“,-ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი,  გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მოქალაქე თინათინ  შენგელიას  უკავშირდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პერსონალურ დაცვის ინსპექტორს, რომ აღნიშნულ საქმეზე საკუთარი ინიციატივით შსს-ს შემოწმება განახორციელოს.

„ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი საიდუმლოების უფლების ხელყოფის გამო, რაც თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაში გამოიხატა და მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე შემოწმება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

2017 წლის 22 დეკემბერს სოფელ ქისტაურში ხოსიაშვილების საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ოჯახის ერთ-ერთი წევრის 31 წლის თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ამ ფაქტს 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ „შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი გახდა შეუძლოდ. იგი გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში. ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა".

2017 წლის 26 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ გაავრცელა განცხადება ამავე უწყების გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულ სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად არის აღწერილი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის პირად საიდუმლოებას, კერძოდ, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად".

ხსენებული უფლება ასევე დაცულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ" ევროპული კონვენციის მე-8 მუხლითა და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" გაეროს პაქტის მე-17 მუხლით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი პერსონალურ ინფორმაციას მიაკუთვნებს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

ამავდროულად ხსენებული საკანონმდებლო აქტი პერსონალური მონაცემებისაგან განასხვავებს და დამოუკიდებლად განსაზღვარს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის" ცნებას, რომელიც მოიცავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. ამავე კანონის მე-6 მუხლი კი გამორიცხავს მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობას, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე.

„პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, „ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში".

მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხსენებული განცხადების გავრცელებით დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და გაამჟღავნა ფიზიკური პირის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები თავად ამ პირის თანხმობის გარეშე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე: მოვუწოდებთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აღნიშნულ საქმეზე საკუთარი ინიციატივით განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოწმება, მათ შორის შეამოწმოს თუ რა გზით მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია და ხომ არ იკვეთება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფა, შეამოწმოს მისი გასაჯაროების კანონიერება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავდროულად მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდ თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის ინფორმაციის გასაჯაროებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა“,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ ხელს: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), კავშირი „საფარი", მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics