07:31 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 15:34:28, 1541 ნახვა

პოლიტიკა
HUB GEORGIA-ს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიღებული ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს

სასტუმრო „ბილტმორში“ ააიპ HUB GEORGIA-ს ორგანიზებით, კონფერენცია: „ვიზა ლიბერალიზაცია და გამოწვევები ავიაციის სფეროში“ გაიმართა.

კონფერენციაზე მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა  საავიაციო სფეროში ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიღებული ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ლოგიკურია, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას თავისი რისკები ახლავს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ შესაბამის ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამგვარ რისკებს თავიდან აიცილებენ:

„ბუნებრივია, ამ პროცესს თავისი რისკები ახლავს თან და ჩვენ ვითვალისწინებთ რისკებს. სწორედ ამიტომ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, განსაკუთრებით ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. არა მარტო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, არამედ ნებისმიერი იმ სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჩართული იქნებიან აღნიშნულ პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორს. გუშინ ტურ-ოპერატორებთან მქონდა შეხვედრა. დღეს აქ ვარ და მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შეძლონ მათ ამ რისკებთან გამკლავება. არ მგონია, რომ დიდი პრობლემა წარმოიშვას, სწორედ ამიტომაც ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მნიშვნელოვანია, ყველამ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, ამგვარი მოქმედებით თავიდან ავიცილებთ იმ რისკებს, რაც აბსულუტურად ლოგიკურია, ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

„HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის განმარტებით, ვინაიდან ვიზალიბერალიზაცია ძალაში  უკვე მალე შევა,  მნიშვნელოვანია დაისვას კითხვები,  რამდენად მზად არიან  საქართველოს აეროპორტები და საქართველოს ავიაცია,  მგზავრთა გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდნენ.  მისივე თქმით,  აღნიშნული კონფერენცია სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ავიაციის სფეროში გამოწვევებზე იმსჯელონ და პრობლემების გადაჭრის გზები დასახონ:

„ჩვენი კონფერენცია, რომელსაც ორგანიზებას უწევს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”, ეძღვნება ვიზალიბერალიზაციას და გამოწვევებს ავიაციის სფეროში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დაიწყება მნიშვნელოვნად მგზავრთა ნაკადის გაზრდა, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე, შესაბამისად, დადგა რიგი საკითხები, რაზეც უნდა დაისვას შეკითხვა. ეს შეკითხვაა-რამდენად არიან მზად საქართველოს აეროპორტები და საქართველოს ავიაცია იმისათვის, რომ უპაუხოს მგზავრთა ნაკადის გაზრდას, რომელიც, სავარაუდოდ, გაორმაგდება უკვე აპრილის თვიდან. დღესაც კი ფრენები, რომლებიც ხორციელდება პიკურ საათებში, დილის 5 საათიდან 9 საათამდე, არის საკმაოდ გადატვირთული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და თუ დამატებით მოხდება რეისების განვითარება და ეს ბუნებრივია ასე მოხდება, შესაძლებელია მივიღოთ კოლაფსი და მოხდეს პარალიზება აეროპორტის. ანუ, ვერ დააკმაყოფილოს იმ რაოდენობით  მგზავრთა ნაკადი, რაც იქნება ვიზალიბერალიზაციის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ დღეს ამ მიზნებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე შევიკრიბეთ, როგორც არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, მთავრობის წარმომადგენლები, ავიაკომპანიები, რომ რეალურად გავმართოთ დისკუსია, ვისაუბროთ ამ საკითხზე, გავაანალიზოთ, რა პრობლემებია და ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე“,-აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

საქართველოს აეროპორტების  გაერთიანების  ბიზნეს განვითარების  მენეჯერის დეა მაჭავარიანის ინფორმაციით კი, საქართველოს საერთაშორისო  აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან, მგზავრთა გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდნენ.

„საქართველოს აეროპორტები მზად არიან, მოზღვავებული მგზავრთა ნაკადის გამკლავებისთვის. ჩვენ შარშან  გვქონდა 26 %-იანი ზრდა საერთაშორისო აეროპორტებში, წელს ველოდებით მიახლოებით 40%-დან,  48%-მდე ზრდას. აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან და, რა თქმა უნდა, გაუმკლავდებიან გაზრდილ ნაკადს. თბილისის აეროპორტს ამ ეტაპზე არ უჭირს. თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 3 მილიონი მგზავრი.2017 წლის სექტემბერში დასრულდება მეორე ტერმინალი და გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შესაბამისად,  არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ანალოგიურია ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში. ვითვალისწინებთ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთ საერთაშორისო აეროპორტს პრობლემა არ აქვს მგზავრთა ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით“,-განაცხადა დეა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა. 553-მა ევროდეპუტატმა ხმა  ვიზალიბერალიზაციის სასარგებლოდ მისცა, 66 -მა კი-წინააღმდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ კი,  საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას ხმათა უმრავლესობით მხარი ევროსაბჭომ დაუჭირა. 1 მარტს ევროკავშირის წარმომადგენლებმა უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებას მოაწერეს ხელი. 8 მარტს  განკარგულება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, თუმცა პროცედურების თანახმად, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას დამატებით 20 დღე დასჭირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას 28 მარტის შემდეგ შეძლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics