12:27 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-15 11:19:35, 258 ნახვა

სამართალი
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

„ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოთხ მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 14 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა.

დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით, დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყვეს ხელი – კერძოდ, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით, საზღვრის რეალური კვეთის გარეშე, ,,პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმაში“, განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები.

რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს – გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა; საქართველოს მოქალაქე კი, 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, 19.180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics