|
2023-03-07 16:35:58, 864 ნახვა
პოლიტიკა
მოვუწოდებთ პარლამენტს, შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა - „ოცნების“ ყოფილი დეპუტატების განცხადება
აღნიშნული კანონპროექტების განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება, - "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ამ განცხადების ხელმომწერებს, გვსურს საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების თაობაზე, ვინაიდან საკითხი ცდება რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს და პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის, და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე. უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას". განცხადებას ხელს აწერენ:
ცნობისთვის, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)