|
2019-11-06 15:19:21, 2419 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - აშშ-სთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე
არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განაგრძობს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას. მისივე თქმით, დასახული მიზნებისკენ სწრაფვას ადასტურებს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები. ამ კონტექსტში, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, აღნიშნული რეფორმები საქართველოს კიდევ უფრო აძლიერებს, ხოლო მის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას შეუქცევადს ხდის. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ საკონსტიტუციო დონეზე მოწესრიგდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ასევე, კონსტიტუციაში აისახა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმნიშვნელოვანეს მიზნებად გამოცხადდა. „საქართველო მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონში ჩართულობას",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რათა უკეთ ემსახუროს მოქალაქეებს ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაუმჯობესებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა უფრო აქტიური ჩართვითა და მოქალაქეებზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული კარგი მმართველობის გაძლიერებით",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და კონგრესის წევრებს, ასევე, პირადად კონგრესმენ ადამ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე, იმისათვის, რომ გავიაროთ ის სწორი გზა, რომელსაც ვადგავართ, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი განვითარება, თანამშრომლობა და პროგრესი. იმის ფონზე, რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რთული ხდება და საფრთხეები იზრდება, მეკავშირეები მუდმივად ერთმანეთის გვერდით უნდა იდგნენ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 27 წლისა და ყირიმის უკანონო ანექსიიდან 5 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ რჩება დიდ საფრთხედ და საქართველოში მავთულხლართების კედელს აშენებს. „თუმცა, წარმოვადგენთ რა იმ ერს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის, ტოლერანტობისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიხიოთ უკან. გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს მისცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია; და გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნებენ რუსეთს, იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში",- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების სირთულე და კარგად აცნობიერებენ საკუთარ წვლილს ამ გამოწვევებთან გამკლავებაში. „მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ არცერთ მესამე მხარეს არ ძალუძს განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც საკუთარ მომავალს ააშენებს და უზრუნველყოფს უწყვეტ მშვიდობასა და სტაბილურობას. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ღირსეული მიზნის მისაღწევად",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის მონაწილეები შავი ზღვის უსაფრთხოების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მზადყოფნასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)