17:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 17:56:42, 1832 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 1 აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დანერგვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სესხის აღებაში დაეხმარება. 

როგორც ქობულიამ აღნიშნა, მექანიზმი პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

"ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ქონება სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ აიღოს სესხი და განახორციელოს ბიზნესპროექტი. სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე  ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში" - აღნიშნა მინისტრმა.

მისი შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებას.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ოპერირებას და მონიტორინგს  ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება გახორციელდება ბანკის მიერ.

„წელს პროგრამის ბიუჯეტი არის 20 მილიონი ლარი. სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადა  10 წელი იქნება" - აღნიშნა ქობულიამ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს.

საგარანტიო თანხების განთავსება მოხდება კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე.
სქემის გამჭვირვალობის, ნდობის და მმართველობის ხარისხის გასაძლიერებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო საგარანტიო სქემის ზედამხედველობას და შედეგების მონიტორინგს. 

საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს.  სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics