|
2018-11-27 12:39:39, 902 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: მეორე ტურის ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია
28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში საინფორმაცია ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხვალ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს მეტ შესაძლებლობას, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. რაც შეეხება ავღანეთს - იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, გუშინ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკო-ში, მას შემდეგ რაც საქართველოში ხმის მიცემის პროცესი დასრულდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი. "ხვალ ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენების შევსების წესი. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება. 28 ნოემბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე 4 უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების უბნებზე გადაცემის პროცესი", - აღნიშნა მიქელაძემ. 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ია. აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი. 28 ნოემბერს, 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე განხორციელდება. 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის ანალოგიური სერვისები ხელმისაწვდომია ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში. მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. 28 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. „მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას“,- განაცხადა ანა მიქელაძე
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)