|
2018-11-06 13:20:29, 1308 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა
ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ოპონენტებისგან განსხვავებით, ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „მოგეხსენებათ, ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა დინამიურად ვითარდება და ამის ცალსახა ნიშანია ის, რომ წლიდან წლამდე იმატებს ჩვენს ქვეყანაში ბინადრობისა და ცხოვრების მსურველთა რიცხვი. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ოპონენტებივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ეს არ არის ქართველის საქციელი და ჩვენს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას ნამდვილად არ შეესაბამება. ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა. სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია, თუმცა, რაც შეეხება ბინადრობასა და ცხოვრების უფლებას, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ბაზრის მოწესრიგებისთვის მთელი რიგი რეგულაციები არსებობს. ამ სფეროს სწორი მიდგომები, ჩვენი სტუმრების პოტენციალის სწორად გამოყენება, იმგვარად დარეგულირება გვჭირდება, რომ დაბალანსებული იყოს მობინადრეთა, აქ ცხოვრების მსურველთა და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ჩვენ დიდ ძალისხმევას მივმართავთ თბილისში და მთლიანად საქართველოში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და მოვლა-პატრონობაზე. ამის დასტურია ახალი აღმაშენებელი, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და მომდევნო წლებში ასევე დაგეგმილია სხვა ასეთი უბნების რეაბილიტაცია. დიდ ძალისხმევას მივმართავთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოიხსენიება. ყველაფერ ამას ჩვენი ბიუჯეტი, საქართველოს სტუმართმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ და ამას გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ. მან ასევე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს მკაცრად არეგულირებს. „უცხოელებს, ვისაც ყველა ამ სიკეთით სარგებლობა უნდა და გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის სურვილი, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ. სწორედ ამიტომ, პარლამენტი დღეს უკვე მეორე მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მკაცრად არეგულირებს უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 ათასი ლარის ნაცვლად ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი. დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე, ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღება არის შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი, 5 წლიანი ვადით შეიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)