|
2018-10-31 13:38:00, 1185 ნახვა
ეკონომიკა
მიწისზედა მეტროს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის ტენდერი ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი ისარგებლებს. „გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, წარმოგიდგინეთ ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც სამგორიდან ლილოს მიმართულებით ამოქმედდება. პროექტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. სამგორის მეტროსადგურთან, მიწისზედა არეალში მოეწყობა სრულიად ახალი მეტროსადგური, რომელიც აქამდე მოქმედ სადგურს დაუკავშირდება და ერთგვარი გადასაჯდომი სადგური იქნება. აღნიშნული სადგურის გარდა, ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში, ამ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. დროთა განმავლობაში შემადგენლობებს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მოცდის დრო დაახლოებით, 10 წუთი იქნება. წლების შემდეგ, მატარებლებს რომ დავამატებთ, მოცდის დროს შევამცირებთ. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, შეამცირებს ამავე მიმართულებით მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელს, საცობს და ჰაერის დაბინძურების დონეს, რაც ქალაქში სერიოზული პრობლემაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. „დაახლოებით, ნოემბრის ბოლოსთვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი გამოცხადდება. მგონია, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და ასევე, მათთვის, ვინც აღნიშნული მარშრუტით ყოველდღიურად გადაადგილდება. ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს, ასევე, კომპანიებს, რომელთაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ. ჩვენი გეგმით, საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერს გამოვაცხადებთ. მშენებლობას დაახლოებით, ორი-სამი წელი დასჭირდება. დასრულებული სადგურები კი, ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, კიდევ ერთი პროექტი, რომელიც თბილისსა და რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროს განვითარებას გულისხმობს, მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, რაც შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება. „მეორე ეტაპზე, განხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიწისზედა მეტროს მიმართულებით, რომ თბილისი-რუსთავი ერთმანეთს დავაკავშიროთ. რამდენად შესაძლებელი იქნება პროექტის განხორციელება, არის თუ არა რაიმე სირთულე, პრობლემა, ყველაფერი გვეცოდინება. კვლევის შედეგად მიღებული ანალიზით, შესაძლებელი იქნება, ვიფიქროთ სამომავლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)