|
2018-10-04 16:47:57, 2255 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: საქართველოს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონფერენციაზე „არბიტრაჟის დღეები 2018" სიტყვით გამოვიდა. საერთაშორისო არბიტრაჟში ახლად დამკვიდრებული მიდგომები, ციფრული და ონლაინ არბიტრაჟი − ეს ის საკითხებია, რომლებიც კონფერენციაზე განიხილეს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრი და მისი უწყება 2012 წლის ბოლოდან მუშაობს იმისათვის, რომ დავების გადაჭრის ალტერნატიული ფორმები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მინისტრის თქმით, ამისათვის მთლიანად შეიცვალა კანონმდებლობა და მოერგო ის არბიტრაჟის პრინციპებს, შეიქმნა არბიტრების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო მექანიზმები. „პარალელურად, სასამართლო სისტემაში ჩვენ გავატარეთ რეფორმები, რომლებმაც, ჩემდა სასიხარულოდ, არაერთ საერთაშორისო ფორუმზე არაერთ ექსპერტს ათქმევინა, რომ საქართველოში არის საერთაშორისო არბიტრაჟის პროცედურების შესაბამისი სასამართლო სისტემა. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რომელთაც ჩვენ ვატარებდით", − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, სასამართლოს გზით ფინანსური და კომერციული დავების გადაწყვეტა უნდა იყოს უკანასკნელი გამოსავალი და ამ ტიპის დავები ალტერნატიული, არასასამართლო გზით უნდა მოგვარდეს: „მედიაცია და არბიტრაჟი არის ამგვარი დავების გადაწყვეტის ბუნებრივი გზა", − თქვა მან. თეა წულუკიანის განცხადებით, დავების გადაჭრის ალტერნატიული გზის ეფექტურობა პრაქტიკაში დადასტურდა. კერძოდ, მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას კანონში ჩაიდო, რომ სამეზობლო დავების შემთხვევაში საქმეში ერთვებოდა ჯერ მედიაციის ინსტიტუტი და მხოლოდ შემდეგ − სასამართლო. „ამ კანონის მიღებამდე მიწის საკუთრების თემაზე მედიაციის შემთხვევა ოთხი წლის განმავლობაში იყო მხოლოდ 4, კანონის მიღების შემდეგ, 2 წელიწადში გვაქვს 1900-მდე წარმატებული მედიაცია", − აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი − გახდეს არბიტრაჟის რეგიონული ცენტრი, რეგიონული ჰაბი. „ამისათვის ჩვენ გვაქვს ყველაფერი და თუკი რამე არ გვაქვს, ამას შევიძენთ, რომ თქვენთვის − არბიტრებისთვის, თქვენთვის − ბიზნესმენებისთვის, ქართული არბიტრაჟი იყოს დავების მოგვარების მოხერხებული საშუალება", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკა, მართლმსაჯულების ქართული სისტემა, ქართველ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, ბიზნესის განვითარებისათვის მეგობრული გარემო ქმნის კარგ საფუძველს იმისათვის, რომ არბიტრაჟი ამ ქვეყანაში იყოს წარმატებული. „გაისად, 2019 წელს, როცა თქვენ ისევ ჩამობრძანდებით, იუსტიციის მინისტრი, რომელიც თქვენ გიმასპინძლებთ − მე ვიქნები ეს თუ ვინმე სხვა, გეტყვით, რომ საქართველოს უკვე აქვს კომერციული პალატები საერთო სასამართლოების სისტემაში, რომ საქართველოს უკვე აქვს ცალკე კანონი მედიაციის შესახებ და რომ იუსტიციის სამინისტროს უკვე აქვს ხელმოწერილი მემორანდუმი საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟთან და იტყვის, რომ ძალიან მალე, 2020 წლიდან, საქართველოში ჩამოყალიბდება ორგანიზაცია, რომელიც იქნება წარმომადგენლობა ან ფილიალი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟისა. გაისად ამ ოცნებებს ჩვენ ყველა ერთად ავიხდენთ", − თქვა იუსტიციის მინისტრმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არბიტრები და იურისტები, მათ შორის, საერთაშორისო არბიტრაჟის 40-მდე სპეციალისტი და მოსამართლე. თბილისის არბიტრაჟის დღეების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), ხოლო მხარდამჭერები − ევროკავშირი (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის (EU4Justice) ფარგლებში.
(NS)
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)