|
2018-07-11 16:36:27, 775 ნახვა
კომენტარი
საპროკურორო საბჭოს წევრი: სამწუხაროა, რომ არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოგვიწია
„ძალიან სამწუხარო და დასანიანია, რომ ორ კანდიდატს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ნანა ხუნჯუამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან შალვა შავგულიძის მიერ კანდიდატურის მოხსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს მასთან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ. „ძალიან სამწუხარო და დასანიანია, რომ ორ კანდიდატს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება. გვქონდა სურვილი, მოგვესმინა ბატონი შალვა შავგულიძისთვის, გვქონდა ბევრი შეკითხვები, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება და მოხსნა კანდიდატურა“, - განაცხადა ხუნჯუამ. რაც შეეხება კითხვას, რა კრიტერიუმებით მოხდა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევა, ხუნჯუამ აღნიშნა, რომ უპირატესობა იმ კანდიდატს მიანიჭა, რომელმაც უფრო რეალისტური და კონკრეტული გეგმები წარმოადგინა. „მინდა აღვნიშნო, რომ ორივე კანდიდატის ხედვები და მიდგომები ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი პრიორიტეტები ჰქონდათ მათ, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ იმ კანდიდატს, რომელსაც ჰქონდა უფრო რეალისტური, კონკრეტული გეგმები იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რაც დღეს პროკურატურის წინაშე დგას და გარდა ამისა, რომელსაც ჰქონდა მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ. საპროკურორო საბჭოს წევრმა ასევე სხდომის საჯაროობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე იყო. „რაც შეეხება სხდომის დახურულობას, ამასთან დაკავშირებით მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს პროცესი არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. პირველად ეს 2015 წელს ჩატარდა და ვენეციის კომისიამაც შეაფასა დადებითად. მედიას მიეცა საშუალება, გადაეღო მთლიანად ხმის მიცემის და დათვლის პროცედურა. რაც შეეხება კანდიდატებთან გასაუბრებას, კეთდება აუდიოჩანაწერი, რომელიც იდება საიტზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამ აუდიოჩანაწერში იქნებოდა ყველა შეკითხვა გაჟღერებული და ყველა პასუხი“, - განაცხადა ნანა ხუნჯუა. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. მას საბჭოს 15 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ კენჭსყრასა და გასაუბრების პროცესში საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია.
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)