|
2018-01-16 16:27:25, 1691 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთა დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილი ოჯახის განაცხადი დაფინანსდა. საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. უწყების ინფორმაციით, სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ტრენინგები ჩაუტარდათ და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივით, საერთო ჯამში, 976 საგრანტო განაცხადი დაფინანსდა, რამაც ჯამში 4 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიც იყო: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა. შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა. დევნილთა დახმარების პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა. (NS)
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)