|
2017-10-22 18:34:54, 1871 ნახვა
პოლიტიკა
NDI: სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეფასებით, საქართველოში არჩევნების დღემ, ძირითადად, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. როგორც NDI-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიების წევრებმა, პარტიების აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპებისადმი თავიანთი ერთგულების დამტკიცება. საკანონმდებლო და საარჩევნო რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან მეტწილად თანხვედრაში იყო. „NDI-ის დამკვირვებლების შეფასებით, მივლენილ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დროულად ან მცირე შეფერხებებით დაიწყო. დღის განმავლობაში კონკრეტულ უბნებზე ხმის მიცემის პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო და ხმების დათვლის პროცესმაც, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა. თუმცა NDI-ის დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნასა და პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების დათვლის პროცესში ჩარევას უკავშირდებოდა. ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, უბნების უმეტესობაზე ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოყოფენ მარნეულში დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებსა და ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლების პირადი ნომრების ამოწერის გავრცელებულ შემთხვევებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს. ოპოზიციური პარტიების ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მტკიცებულებების წარმოსადგენად ყველა ღონე იხმარონ. ვიმედოვნებთ, რომ ცესკო და არჩევნებში ჩართული სხვა ინსტიტუტები, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაზრდის მიზნით, წარმოდგენილი საჩივრების დროულ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფენ. კამპანიის პერიოდში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მასზე დაკისრებული ვალდებულებები დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ შეასრულა. დამკვირვებლების შეფასებით, ცესკომ ქვედა დონის კომისიების თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად აწარმოებდნენ საარჩევნო პროცესების მონიტორინგს, ავსებდნენ საჩივრებს და იძლეოდნენ რეკომენდაციებს. კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას ეხებოდა. ეს ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელსაც წინა ხელისუფლებებიც მიმართავდნენ. საარჩევნო კამპანია, თბილისის მიღმა, კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდებოდა. არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს პირობებში მმართველმა პარტიამ დეკლარირებული პოლიტიკური შემოწირულობების დაახლოებით 90 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდა, სადაც მთავრობის მიღწევებისა და ღონისძიებების წარმოჩენას ეფექტურად ახერხებდა. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციურ პარტიებს მწირი რესურსებისა და საგრძნობლად დაბალი ხილვადობის პირობებში უწევდათ მოქმედება. ასეთმა უთანასწორობამ და წინასაარჩევნოდ პოლიტიკისა და საკითხების ირგვლივ დებატების ნაკლებობამ ჯანსაღ შეჯიბრს ხელი შეუშალა. საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ქალების დაბალი წარმომადგენლობა კვლავ დიდ პრობლემად რჩება. ქალები პროპორციული სიის დაახლოებით 37 პროცენტს, მაჟორიტარობის კანდიდატების 16.5 პროცენტს, ხოლო მერობის კანდიდატების 13.5 პროცენტს შეადგენდნენ. “ქართულმა ოცნებამ” 64 ოლქში მერობის მხოლოდ ორი ქალი კანდიდატი დაასახელა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “პატრიოტთა ალიანსმა” კი - შვიდ-შვიდი. 22 ოქტომბრის 11 საათის მდგომარეობით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული ხმების 55.65 პროცენტი მიიღო, რაც 2014 წლის 50.82 პროცენტთან შედარებით ზრდას წარმოდგენს. მმართველმა პარტიამ საკრებულოს მაჟორიტარული მანდატების უმეტესობა მოიპოვა. საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის დაწესებული ოთხ პროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს: “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “პატრიოტთა ალიანსმა”. მერების არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში, მათ შორის თბილისში, და 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში პირველივე ტურში გაიმარჯვა. ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების მეორე ტური, “ქართული ოცნების” კანდიდატების მონაწილეობით, 6 ოლქში ჩატარდება. საკრებულოს არჩევნების შედეგების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით მერის პოზიციის დაკავება მხოლოდ ერთმა ქალმა კანდიდატმა შეძლო. არჩევნების პირველადი შედეგები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა. ეს ტენდენცია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს ყველა მთავრობას ახასიათებს და დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ქვეყანაში ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს. შექმნილ ვითარებაში ინკლუზიური მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შექმნის პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლებას ეკისრება“, - ნათქვამია NDI-ს ანგარიშში. გამოქვეყნებული ანგარიში NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის შეფასებას წარმოადგენს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საარჩევნო პროცესის მონიტორინგს არჩევნების მეორე ტურის პროცესში და შესაბამისად წარადგენენ შემდგომ ანგარიშებს.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)