|
2017-07-26 14:44:21, 2159 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეა. გიორგი მარგველაშვილმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნა. პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუღებელია ასევე, ამ კანონების მიღების დაჩქარებული ფორმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებდა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ საარჩევნო წელს არ მომხდარიყო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში კი, ორივე კანონი საარჩევნო გარემოს ეხება და არჩევნებამდე და 3 თვით ადრეა მიღებული. საქართველოს პრეზიდენტის ვეტო “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“ ეხება, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა. “ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს, “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც დასაწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც. ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია. 7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა თვითმმართველობა არის ის რეალური , ერთადერთი, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება. “კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ერთი მხრივ ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული. ეს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)