|
2017-07-21 15:55:38, 2275 ნახვა
პოლიტიკა
NDI: საქართველოს აქვს უნარები, რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო
„საქართველოს დემოკრატიული გზის კრიტიკულ გასაყარზე, 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებს, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული. დელეგაციის შეფასებით, ეს არჩევნები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, ძირეულ საარჩევნო გამოწვევებს უპასუხოს. „რადგან საქართველო სამართლიანად ამაყობს თავისი დემოკრატიული და ევროპული არჩევანით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სრულად გაითვალისწინოს წარსულში გაცემული რეკომენდაციები. საქართველოს აქვს უნარები, დრო, მხარდაჭერა, გამოცდილება და რესურსები, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს. ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველო ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული მონაპოვრით უახლოვდება. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბევრი მიღწევით იამაყონ, მათ შორის დინამიური პოლიტიკური გარემოთი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან ძლიერი მხარდაჭერით. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში დელეგაცია ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს წააწყდა: ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიერ და მეორე, რომელიც დელეგაციასთან შეხვედრებზე ყველა სხვა ჯგუფმა - ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამკვირვებლებმა, ყველა სხვა საპარლამენტო და არასაპარალმენტო პარტიამ და კანდიდატმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, და მედია ორგანიზაციებმა - აღწერა. პირველი ჯგუფის აზრით, დემოკრატიული გამოწვევები მცირეა: მედიის თავისუფლებას და ხელმისაწვდომობას საფრთხე არ ემუქრება; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების განხილვა სწრაფად და მიუკერძოებლად ხდება; სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის კუთხით დაბრკოლებები მცირეა და კონსტიტუციური თუ სამართლებრივი რეფორმები მხარეების თანამონაწილეობით და დემოკრატიული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. ყველა სხვა ჯგუფის პერსპექტივით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული გამოწვევებია: დავების გადაწყვეტისას ხდება კანონის არათანაბარი და პოლიტიკური გამოყენება; პარტიები და კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან; ხდება ზეწოლა დაფინანსების პოტენციურ წყაროებზე; სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება; ალტერნატიული მოსაზრებების გამოთქმისთვის მედია სივრცე მცირდება; და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხდება, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზოგიერთი აქ ჩამოთვლილი საკითხი ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდეც აქტუალური იყო და ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური გარემოს შემადგენელი ნაწილია. ამასთან, მათი თქმით, ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღება არა არჩეული მთავრობის ლიდერთა, არამედ კულისებს მიღმა არაფორმალური მმართველის ხელშია“, - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, NDI-ს დელეგაციის შეფასებით, შეხედულებების ამგვარმა მკვეთრმა განსხვავებებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში არასტაბილურობას შეუწყოს ხელი. „მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებების სიზუსტისა, დიდ უმრავლესობას და ძალაუფლების კონცენტრირებას თან სდევს საზოგადოების ნდობის მოპოვების, თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ალტერნატიული შეხედულებების არსებობის უფლების უზრუნველყოფის და პარტიული კუთვნილების მიღმა კონსენსუსის მიღწევის პასუხისმგებლობა. ამასთან, დემოკრატია ეყრდნობა ოპოზიციის არსებობას, რომელიც კონსტრუქციულად ერთვება პოლიტიკურ პროცესში და შეუძლია კონკრეტული და ქვეყნისთვის სასარგებლო ალტერნატიული ხედვის შემოთავაზება. ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია. პირველი კონტაქტი მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზედამხედველობას უწევენ მოსახლეობისთვის ადგილობრივად მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის გზებს, საბავშვო ბაღებს, ნაგვის გატანას, და გარემოს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის პირობებში დემოკრატია ძლიერდება და უფრო სტაბილური ხდება. 2017 წლის არჩევნები მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს კანდიდატებს და პარტიებს, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, - ნათქვამია NDI-ს დელეგაციის ანგარიშში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)