02:08 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 10:42:23, 1459 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი ეწვია

  იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი, ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაშია ასევე ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში.

ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა.

 კენიჩი ოჰაში ერთი თვის წინ სტუმრობდა საქართველოს და სწორედ მაშინდელი ვიზიტის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველოში უკვე იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოსულიყო.

სტუმრები  ქართლსა და კახეთში  20-მდე ღვინის კომპანიას ეწვივნენ,  სადაც  სხვადასხვა სტილის ღვინოები დააგემოვნეს.

 იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად,  ქვევრის ღვინომ მოახდინა.

 როგორც იაპონელი იმპორტიორი, ტაკაკო ოსავა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბაზარზე უხვადაა იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად,  ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საინტერესო გახდება.

„ქართული ღვინით აღფრთოვანებული ვარ. იაპონურ ბაზარზე არის ზოგიერთი ქართული ღვინო, რომლებიც უნიკალურია და სწორედ ამიტომ მომინდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და მენახა რა ხდება აქ ღვინის სფეროში.  აქ ღვინის დიდი მრავალფეროვნებაა, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ. ქართული ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია, ფასი კი არც ისეთი ძვირია, ხელმისაწვდომია. ჩვენ გავსინჯეთ ევროპული სტილის ქართული ღვინოები და ტრადიციული ღვინოები. იმდენი განსხვავებული კატეგორიის ღვინოა და ყველა მათგანის ხარისხი მაღალი, ფასი კი მიმზიდველია იაპონური ბაზრისა და მომხმარებლისთვის." - განაცხადა ტაკაკო ოსავამ.

ტურის ფარგლებში სტუმრები  შემდეგ ღვინის საწარმოებს მოინახულებენ: „თბილღვინო", „შატო მუხრანი", „ლაგვინარი", „გიუაანი", „მარანული", „ფაფრის ველი", „კარდენახის ღვინის მარანი", „კახური ღვინის მარანი", „თელავის ღვინის მარანი", „კახური", „ორგო", „შუხმანის ვაინს ჯორჯია", „მეღვინეობა ხარება", „შუმი", „ალავერდის მონასტერი", „ვაზიანი კომპანი", „საწნახელი", „შალაური", „კახური ტრადიციული მეღვინეობა", „ბადაგონი", „გოცას ღვინოები", ასევე ესტუმრნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge"-ს წარმოადგენს,  რომელიც 2017 წელს  ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას ახორციელებს იაპონიაში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics