00:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 14:15:43, 2148 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ლიტვის სეიმში საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა მიიღეს

ლიტვის სეიმში საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა მიიღეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. 

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა უპრეცენდენტო დოკუმენტი - 2017-2020 წლებში ლიტვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

ამასთან, კომიტეტებმა ლიტვის მთავრობას პოლიტიკური, ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერის მობილიზებისკენ მოუწოდეს, რათა საქართველომ მის წინაშე არსებული გამოწვევები დაძლიოს და ასევე, მიიღოს მკაფიო გზავნილი მეგობრებისგან, რომ იგი არ არის მარტო რეფორმების განხორციელებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებიაშია აღნიშნული, კომიტეტები მოუწოდებენ ლიტვის მთავრობას, აქტიურად ჩაერთოს გეგმის განხორციელებაში, ამ მიზნით გამოყოს შესაბამისი დაფინანსება და სეიმის სესიის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს.

"ლიტვის სეიმში მიღებულ 4-წლიან სამოქმედო გეგმაში გამოკვეთილია, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერა ლიტვის ინტერესებშია და ამ მიზნით ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისკენ მიმართავს მნიშვნელოვან ძალისხმევას.

დოკუმენტი, რომელზეც შესაბამისი კომიტეტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მრავლისმომცველია და ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, საპარლამენტო თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები, განათლების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და სხვა.

ლიტვა გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს ინტერესებს ლობირება გაუწიოს საერთაშორისო დონეზე და მოუწოდოს სხვა ქვეყნის პარლამენტებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომ საქართველოს დახმარების ანალოგიური გეგმები შეიმუშაონ.

დოკუმენტი ნათქვამია, რომ გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა საერთაშორისო დონეზე იმ პრინციპის დამკვიდრება, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები რუსეთის ინტერესის სფეროდ არ განიხილებოდნენ.   
„ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ ქართული საზოგადოების მკაფიო და სუვერენული სურვილის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, დასავლეთი  რუსეთის მიერ ახალი „წითელი ხაზების“ ჩამოყალიბების პრევენციას მოახდენს.

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა საპარლამენტო თანამშრომლობას და დიპლომატიას. ხაზგასმულია საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა როგორც მეგობრობის ჯგუფების დონეზე, ისე შესაბამისი სფეროების საპარლამენტო კომიტეტებს შორის.  დოკუმენტში ასევე აღნიშნულია  საერთაშორისო ფორმატებში ლიტვისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. ასევე, საუბარია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მობილიზების მიზნით ევროპის პარლამენტთან ურთიერთობის გააქტიურებასა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან პარტიული დიპლომატიის გაღრმავებაზე, რაც  მრავალმხრივ ფორუმებში ქართული პოლიტიკური პარტიების ჩართვას უზრუნველყოფს. 

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა. ასევე, საუბარია  ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში საქართველოს მხარდაჭერაზე.

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტები  დოკუმენტში აუცილებელი რეფორმების განხორციელებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერაზე, ნატოს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს მეტი ერთობლივი წვრთნების ხელშეწყობასა და საქართველოში პარტნიორი ქვეყნების ძალების მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მხარდაჭერაზე მიუთითებენ. 

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მუდმივ ხაზგასმას საჭიროებს მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე აღნიშნულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობა და საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ორმხრივი ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. 

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტები საუბრობენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის გაზრდასა და რეფორმების ხელშეწყობის მიზნით ფინანსურ მხარდაჭერაზე.

ასოცირების შესახებ შეთანხმების შეფასების საფუძველზე, დოკუმენტი მოუწოდებს, საქართველოს ხელშეწყობისკენ იმ „პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და იმ რეფორმების განხორციელების დაწყებაში, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მაღალი სარგებლის ყველაზე სწრაფად მოტანა“. 

გეგმის თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ევროკავშირში ექსპორტის გასაზრდელად  ლიტვა ევროკავშირის ინსტიტუტებს  შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (AA/DCFTA) შეთანხმების ჩათვლით,  „წარმატების ისტორიად“ იქცეს. 
გეგმაში შერჩეულია სფეროები, საითკენაც ექსპერტული და ფინანსური დახმარება  უნდა მიიმართოს. გეგმის თანახმად, დახმარება ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში დახმარებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ეროვნული სტრატეგიული ამოცანების შესრულება, დემოკრატიული ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და მტრულ პროპაგანდასთან გამკლავება", - ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics