2016-12-19 21:35:43, 3225 ნახვა
მსოფლიო
„ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“ - თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს
ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით, - ეს სიტყვები დაიძახა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელმა მაშინ, როდესაც ელჩზე თავდასხმა განახორციელა.
თურქული მედიის ცნობით, ის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია საპოლიციო შტურმის შედეგად განხორციელდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელმა რუსეთის ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. ტერორისტი ყვიროდა „ალაჰ აქბარ“. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ტერაქტი მიმართული იყო ელჩის წინააღმდეგ, რადგან გასროლის შემდეგ, თავდამსხმელმა ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება მისცა, საგამოფენო სალონის შენობა დაეტოვებინათ.
გამოცემა „Hurriyet“-ის ინფორმაციით, რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა, სადაც ტარდებოდა ფოტოგამოფენა „რუსეთი თურქების თვალით“. გავრცელებული ინფორმაციით, რუს დიპლომატთან ერთად, დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.
შეგახსენებთ, თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს თავს დაესხნენ. თავდასხმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა, სადაც რუსულ და ირანულ მხარესთან სირიის საკითხი უნდა განხილულიყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან