2026-06-05 09:44:36, 314 ნახვა
პოლიტიკა
გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
4 ივნისს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას მხარი მორიგჯერ დაუჭირეს.
რეზოლუციას შარშანდელის მსგავსად 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
ხმის მიცემისგან 55-მა სახელმწიფომ შეიკავა თავი, მათ შორის, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანმა, საუდის არაბეთმა, შვეიცარიამ, ისრაელმა. გასულ წელს თავი 49 ქვეყანამ შეიკავა.
8 ქვეყანამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა - რუსეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სუდანი, ეკვატორული გვინეა, ბელარუსი, ბურუნდი.
"საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.
რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.
ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია გლობალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, რადგან თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება [აღნიშნული მაჩვენებელი წელს 4-ით გაიზარდა და 68 შეადგინა]. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში.
რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს" - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,