15:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 14:19:23, 271 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა

საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქართული ოცნების მთავრობის დადგენილება, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და ფარგლებია განსაზღვრული.
დადგენილებას ხელს აწერს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე
სახელმწიფო მინისტრად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა.

დადგენილების თანახმად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებია: 

1. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი) თანამდებობა შექმნილია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების, ასევე კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში,  საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაციის/ კომუნიკაციის მიზნით.

2. სახელმწიფო მინისტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით.

3. სახელმწიფო მინისტრი ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამოცანებს.

4. სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

5. სახელმწიფო მინისტრი:

ა) წყვეტს სახელმწიფო მინისტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილია მისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლებით;

გ) ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას;

დ) საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან;

ე) აინიციირებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესს და ამ მიზნით  კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას;

ვ) კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით;

ზ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების მიზნით, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ახორციელებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების მაკოორდინირებელ ფუნქციას;

თ) მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

მ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;

ნ) უფლებამოსილია, კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის ან გადაწყვეტილების მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის განსაზღვრულ სხვა ამოცანებს, ასევე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სახელმწიფო მინისტრს აქვს ბლანკი და ბეჭედი, სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7. სახელმწიფო მინისტის მიერ სახელმწიფო დროშისა და სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.

8. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.

9. სახელმწიფო მინისტრის მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7, საფოსტო ინდექსი – 0108.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics