|
2026-04-20 12:50:10, 234 ნახვა
სამართალი
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საჩივარი გაგზავნილია 4 მომჩივნის სახელით. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. გარდა ამისა, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართული იყო პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საჩივრის სტრატეგიია, სასამართლომ დაინახოს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს, არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა ან არასათანადოდ ჩატარებული აქციის დაშლის ოპერაცია, არამედ, აქციის დარბევა იყო ორგანიზებული ძალადობა და საწყისი ათვლის ნიშნული იმ მწვავე ადამიანის უფლებების კრიზისისა. გთავაზობთ საია-ს განცხადებას: "მტკიცებულებებით დასტურდება ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობა, კერძოდ:
ის რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებითა და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობითაც, იმის მიუხედავად, რომ მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხი გაეროს ექვსმა სპეციალურმა მომხსენებლმაც გამოავლინა. დაუსჯელობას ხელს უწყობს, გამოძიების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევაც, მათ შორის: ინსტიტუციურ დონეზე საგამოძიებო ორგანოს გაუქმება და საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, დანაშაულზე არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმოება, მტკიცებულებების მოპოვებისთვის შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები, მათ შორის:
გამოძიებაში დაზარალებულთა ჩართულობას ზღუდავს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების არ გადმოცემა. მხოლოდ მათი ნაწილის გაცნობაა შესაძლებელი, და, მხოლოდ საგამოძიებო ორგანოში ვიზიტისას, რაზე დაყრდნობითაც, შეგვიძლია შევაფასოთ, რომ 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა. არც ერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული. მათ შორის, არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არ არის გადადგმული არც ერთი ნაბიჯი. გასაჩივრებულია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) (არსებითი და პროცედურული ნაწილი); მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან და მე-11 მუხლთან ერთობლიობაში; მე-17 მუხლი (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა) და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა). საია ამ და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე განაგრძობს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ევროპულ სასამართლოში და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის შესაბამის განახლებულ ინფორმაციას. ვრცლად ამ საქმის დეტალებს გაეცანით ქვემოთ: საჩივართან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია: პირველი მომჩივანი 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ნიღბიანმა ოფიცრებმა, რომლებმაც ის საზოგადოების თვალს მიღმა, სპეციალურად მოწყობილ „სადამსჯელო მიკროავტობუსში“ მოათავსეს. მომჩივანს მრავალჯერადად სასტიკად სცემდნენ მუშტებით, ფეხებითა და რეზინის ტყვიის იარაღის ლულებით, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. პოლიციის ოფიცრები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უწოდებდნენ „მოღალატეს“ და ემუქრებოდნენ ცოცხის, ხელკეტებისა და მაშხალების გამოყენებით გაუპატიურებით, ასევე, მისი მეუღლისა და შვილების დაზიანებით/გაუპატიურებით. მას დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, ცხვირის დეფორმაცია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD). მეორე მომჩივანს 2024 წლის 28 ნოემბერს გდდ-ის ოფიცრებმა სცემეს, რის შემდეგაც ე.წ. "პოლიციის დერეფანში" გაატარეს, სადაც მას სპეციალური ხელთათმანებით გამძაფრებული ტკივილის მიყენებით ურტყამდნენ თავში, სახეში, ნეკნებსა და ზურგში. პოლიციის მიკროავტობუსში ცემის შედეგად ცხვირი გაუტყდა და უხვად სდიოდა სისხლი. დაკავების იზოლატორში 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მას არ მიეცა საავადმყოფოში გადაყვანის უფლება, მიუხედავად განმეორებითი მოთხოვნებისა. მესამე მომჩივანს 2024 წლის 29 ნოემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცრები თავს დაესხნენ და ურტყამდნენ თავში, სახესა და მხარზე, რის შედეგადაც მას მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა და რამდენჯერმე გონება დაკარგა. ტრანსპორტირებისას მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. დაკავების დროს მობილური ტელეფონი წაართვეს, რაც მას უკან აღარ დაბრუნებია. მეოთხე მომჩივანს 2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით შვიდი ნიღბიანი ოფიცერი ურტყამდა თავში, ზურგში და ტანში. მას აყენებდნენ ჰომოფობიურ და დამამცირებელ შეურაცხყოფას. საია ამტკიცებს რომ კონვენციური დარღვევები შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარეობს:
წამება (1-ლი, მე-2 და მე-3 მომჩივნების მიმართ): მომჩივნების მიმართ განხორციელებული ხანგრძლივი და მიზანმიმართული სასტიკი ცემა, მათ შორის გაუპატიურების მუქარა და დახურულ სივრცეში (მიკროავტობუსებში) წამება, აღწევს წამების ზღვარს. ეს ქმედებები მიზნად ისახავდა მათ დასჯას და დაშინებას მათი პრო-ევროპული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რაც დისკრიმინაციული მოპყრობის ნაწილია. არასათანადო მოპყრობა (მე-4 მომჩივნის მიმართ): მე-4 მომჩივნის მიმართ გამოყენებული არასაჭირო და არაპროპორციული ძალა, ასევე ჰომოფობიური შეურაცხყოფა, წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას. ადმინისტრაციული პრაქტიკა: მომჩივნების შემთხვევები, სხვა კონტექსტუალურ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინასწარ ორგანიზებულ და კოორდინირებულ სისტემაზე, რომელიც მიმართული იყო პროტესტის ჩახშობისკენ.
დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია: გამოძიება ამ საქმეზე მიმდინარეობს არასწორი მუხლის საფუძველზე ("უფლებამოსილების გადამეტება" (სსკ-ის 333-ე მუხლი)), ნაცვლად საქმისთვის შესაბამისი მუხლებისა - "წამება" (სსკ-ის 144¹ მუხლი) და "დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა" (სსკ-ის 144³ მუხლი), რაც ხელს უშლის გამოძიების სათანადოდ წარმართვას. პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება: საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყო ნიღბიანი ოფიცრების იდენტიფიცირება. ამასთანავე, შსს-მ დაადასტურა, რომ სპეცაღჭურვილობა გაიცემოდა ინდივიდუალური ნომრების მითითების გარეშე. გამოძიება უმოქმედოა და არც ერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული. მათ შორის, არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არ არის გადადგმული არც ერთი ნაბიჯი. მტკიცებულებების მოპოვება: რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის გარშემო არსებული შენობების სათვალთვალო კამერების კადრების გამოძიებისთვის გადაცემაზე სახელმწიფო უწყებები უარს აცხადებენ, ხშირად "სისტემის გაუმართაობის" ან "კამერების დაზიანების" მიზეზის ხსენებით. სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების არ გადმოცემა: მომჩივანთა მხრიდან მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა უარს აცხადებს მომჩივნებისთვის საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებს აქვთ დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, საქმის მასალების ასლების მიღების უფლებაც. გამოძიების დაყოვნება: 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები მომჩივნებთან მიმართებით არ განხორციელებულა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებამ გამოიწვია გამოძიების უფლებამოსილების პროკურატურაზე გადაცემა, რაც უქმნის საფრთხეს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და ეფექტიანი გამოძიების წარმოებას.
გაუმართლებელი ჩარევა: მომჩივნების უკანონო დაკავება და მათ მიმართ ძალადობის გამოყენება არ იყო გამართლებული, რადგან ისინი მშვიდობიანად მონაწილეობდნენ აქციაში და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს. შესაბამისად, ამ ჩარევის მიზანი იყო მათი დასჯა და დაშინება, რაც არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. დისკრიმინაციული მოტივი: შეკრების თავისუფლების დარღვევა მოხდა პოლიტიკური აზრის გამო, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური დისიდენტების ჩახშობის კოორდინირებული პოლიტიკის ნაწილი.
ქონების უკანონო ჩამორთმევა: მე-3 მომჩივანს უკანონოდ ჩამოერთვა მობილური ტელეფონი. ეფექტიანი გამოძიების არარსებობა: ხელისუფლებამ არ დაიწყო გამოძიება ამ დანაშაულის ფაქტზე, მიუხედავად მომჩივნის არაერთი მიმართვისა.
ძალაუფლების სისტემური ბოროტად გამოყენება: ხელისუფლების ქმედებები წარმოადგენს ძალაუფლების სასტიკ ბოროტად გამოყენებას, რომელიც მიმართულია პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს. ამას ადასტურებს ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული წამება/არასათანადო მოპყრობა, მიკროავტობუსების „დასჯის ადგილებად“ მოწყობა, აგრეთვე, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოება და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობა. ამ მუხლზე დავა სამართალწარმოების კუთხით სიახლეა, და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებით პირველად საჩივრდება სწორედ დემონსტრაციების კონტექსტში. კონვენციის მე-17 მუხლი, პირველ რიგში, ხელს უშლის მონაწილე სახელმწიფოებს გამოიყენონ კონვენციის რომელიმე დებულება მასში დაცული უფლებებისა და თავისუფლებების გასანადგურებლად. მეორეც, ის ხელს უშლის მონაწილე სახელმწიფოებს დაეყრდნონ კონვენციის დებულებას იმ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, რომლებსაც ეს დებულება იცავს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებისა და თავისუფლებების უფრო ფართო ღონისძიებით. საჩივარში მე-17 მუხლს ვეყრდნობით იმის მტკიცებისას, რომ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, რომ მიზნად ისახავდა ამ უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებას ან მათ შეზღუდვას კონვენციაში გათვალისწინებულზე უფრო მეტად. საიას და 10 სხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციის; ასევე, საიას, GCRT-ს, UATC კოალიციის წევრი და სხვა ორგანიზაციების ერთობლივი დოკუმენტირების ანგარიშები დეტალურად, რესპოდენტებზე და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აღწერენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ ქცევის მოდელებს. ანგარიშებში აღწერილი საპოლიციო ძალადობის ფორმები, მათი ინტენსივობა, თანმიმდევრულობა და მასშტაბი მიუთითებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებასა და სისტემურობაზე, რაც მიზნად სწორედ შეკრების თავისუფლების, განსხვავებული აზრის დაცულობის არარად ქცევას ისახავდა, რასაც მხარდ უჭერს შემდგომი განვითარებაც, კერძოდ, არაეფექტიანი გამოძიება." - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)