|
2026-03-19 16:56:25, 1686 ნახვა
საზოგადოება
თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო
2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, პირველ ინსტანციაში, თედო აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმეს სააპელაციოში გაასაჩივრებდა - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამაც ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამამართლებელ განაჩენში მიუთითა, რომ აბრამოვის საქმეში, პოლიციელთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, რადგან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა ისეთი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას, ჩხრეკამდე აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო. 22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. პროკურატურის ვერსიით, თედო აბრამოვს ჩხრეკისას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. პროკურატურამ მას ბრალი 260-ე მუხლით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. კერძოდ, თედო აბრამოვს სახელმწიფო ბრალდება 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავებოდა. აბრამოვი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფს ნარკოტიკი ჩაუდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)