|
2026-03-05 14:48:59, 2412 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ების ნაწილი 7 მარტს, 19:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 7 მარტს, 19:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავს ფილარმონიიდან პარლამენტამდე, სახელწოდებით - ''ძალა ერთობაშია''. როგორც მათ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შაბათს დაგეგმილი მარში ეძღვნება ერთიანობის იდეას, საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების მზადყოფნას, რათა ერთად იმოქმედონ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. "საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება უწყვეტი სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ევროპული განვითარება, სადაც უზრუნველყოფილია ყველა მოქალაქის ღირსეული ცხოვრება და დაცულობა. დღეს, ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობითი მოდელის მქონე, მცირე ჯგუფის მიერ იმართება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ქართველი ხალხის დაყოფისა და ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის გამოყენებით ახერხებს. ქართველი ხალხის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ივანიშვილის მიერ ინიცირებული შუა გაკრეფის გზა და ხალხის ხელოვნურად ერთმანეთთან დაპირისპირება დასასრულებელია. ქართველებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენი ხალხი ცხოვრობს საერთო პრობლემებითა და საერთო მომავლის რწმენით. მივესალმებით პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ალიანსის შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და მოიცვას სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფებიც. დადგა დრო, ყველამ ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების გაერთიანებაზე - გავაძლიეროთ ყველაფერი, რაზეც ვთანხმდებით, და შევასუსტოთ ის, რაც გვყოფს. ეს ჩვენს ხელშია. მხოლოდ საერთო თანხმობითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქვეყნის განვითარებას და საქართველოს დაბრუნებას ევროპული კეთილდღეობის გზაზე. ამიტომ, ამ შაბათის მარში ეძღვნება ერთიანობის იდეას, საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების მზადყოფნას, ერთად იმოქმედოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ფართო საზოგადოებას აკისრია. გაზაფხული ყოველთვის ნიშნავს განახლებას, სიცოცხლეს და ახალი ეტაპის დაწყებას. სიმბოლურია, რომ გაზაფხულის დაწყებასთან ერთად გადაიდგა პირველი არსებითი ნაბიჯები ამ ერთიანობის საჩვენებლად, თუმცა მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა გვაქვს გასაწევი. ამიტომ, შაბათის მარშის სახელი, ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური დევიზი - ''ძალა ერთობაშია'' - იქნება'', - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)