|
2024-10-11 10:47:07, 338 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - 2023 წელს EU-მა საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა
2023 წელს ევროკავშირმა EU4Business-ის ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა - ამ ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით მხარდაჭერა საქართველოში მოქმედმა 39 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა, როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ: მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა. გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული: ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად. ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას. ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის. 2023 წლის მთავარი მიღწევებია: საქართველოში მოქმედმა 39 072-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება, ფინანსებზე წვდომა და ჩართულობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში. 36 973 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მხარდაჭერით; 458-მა მცირე და საშუალო საწარმომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, რამაც ექსპორტის ჯამური მოცულობა 6.8%-ით გაზარდა; 17 275-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სესხი; 371-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო გრანტი; ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს; ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში თანამშრომლების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. “ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა საკუთარ მიზანს, რომელიც 80 000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკვე გადააჭარბა. 2021-2023 წლებში ევროკავშირის დახმარება 100 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს შედეგები EU4Business-ის ანგარიშში აისახება: კერძოდ, ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში ამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აგრეთვე ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40.4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს. ევროკავშირის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა. “EU4Business ინიციატივის მეშვეობით, ევროკავშირი წლების განმავლობაში წარმატებით უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს და აძლიერებს მათ. ამაზე ინიციატივის შედეგებიც მეტყველებს, კერძოდ, 2021-დან 2023 წლამდე: ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა 100 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი; შეიქმნა 77 000 ახალი სამუშაო ადგილი; შემოსავლის სახით მიღებულ იქნება დამატებით 550 მილიონი ევრო. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და ქვეყნის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული ანგარიში ან ეწვიეთ ვებგვერდს“,- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)