07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 18:27:39, 643 ნახვა

პოლიტიკა
სებ-ი - სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია

ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას,- ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"ეროვნული ბანკი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სებ-ი აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირებისთვის ხელის დაფარებაშია დადანაშაულებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს, მაშინ როდესაც, ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია. რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან.

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია",- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება დღეს, 30 ოქტომბერს გაავრცელა.

14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა.

ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics