|
2023-04-12 11:23:21, 1156 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ მოსამართლეებს
შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში, ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. "შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან. მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ „New York Times"-ის წარმომადგენლებს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ. სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან. ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)