23:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 10:53:29, 922 ნახვა

სამართალი
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა, 1 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ზ.ბ. (მეტსახელად „ზაკუნა“) დაკავებულია „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „ჩაქუჩიჩი“) და 1995 წელს დაბადებული დ.გ. სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

"რაც შეეხება 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.თ.-ს (მეტსახელად „ტაისონა“), მას „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დაადგინა, რომ დ.თ.-ს და ზ. ბ.-ს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა დავა, რის გამოც დ. თ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. ბ.-ს. მან „კანონიერ ქურდს“ - მიხეილ ჩაფიჩაძეს (მეტსახელად „მაჩვიჩი“) მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, ზ. ბ.-მ, ლ. ბ.-მ, დ. გ.-მ და მათმა თანმხლებმა პირებმა დ. თ.-ს საპასუხოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოდავე მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის „ქურდული კანონების“ თანახმად მოგვარების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფმა "კანონიერმა ქურდმა" - ჯეირან კინწურაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მოაწყო "ქურდული გარჩევა" და მხარეების შერიგების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით“ გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics