|
2023-01-12 13:50:02, 1448 ნახვა
საზოგადოება
თავდასხმა მედიაზე, LGBT თემზე ძალადობა და შრომის უსამართლო პირობები - Human Rights Watch-ის ანგარიში
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-მდე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. HRW-ის ცნობით, გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება როგორც HRW წერს, გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. „2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად იძიებდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა, რომელთაგან ერთს ევალება სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების მოკვლევა, ხოლო მეორეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს კანონპროექტი, რადგან ის არ ყოფილა „სათანადოდ განხილული დაინტერესებულ მხარეებთან [და] ასუსტებდა დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტს.“ ოქტომბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატში 70 საჩივარი იყო შესული ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. მათგან 61-ს შესაბამისი უწყებები იძიებდა. სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, გამოძიება დაეწყო დანარჩენ საჩივრებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა“,- აღნიშნულია ანგარიშში. მედიის თავისუფლება HRW-ის ცნობით, მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ანგარიშის მიხედვით, გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. შრომითი უფლებები ამასთან ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება. ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას რესურსების სიმცირე აფერხებს. ხელფასების დაურეგულირებლობა მშრომელებს ექსპლუატაციისაგან დაუცველს ხდის. მინიმალური თვიური ხელფასი, რომელიც 20 ლარია (დაახლოებით 7 აშშ დოლარი), 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 1999 წლის შემდეგ არ გადასინჯულა. დაბალ ხელფასებს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რომელიც ხელფასის მოპარვას ნორმად აქცევს. პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საქართველოს ღირსეული შრომის პლატფორმის“ ანგარიშის თანახმად, მშრომელთა 88% ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა. პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. „შრომის ინსპექციის“ მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 23 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ანგარიშში ვკითხულობთ ასევე , რომ საქართველოში ლგბტ ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან. მაისში, თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება. ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა უფლებადამცველთა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა ძალადობისთვის. სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები. 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითიც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ქალთა უფლებები როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პროკურატურის მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა სცადეს ოჯახის წევრებმა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, სასამართლოები, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებიც აგრძელებენ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაშიებას. 2021 წლის ნოემბერში გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირების და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. CEDAW-მ დაადგინა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა; ასევე, ვერ დაიცვა ის გენდერული დისკრიმინაციისგან. საერთაშორისო აქტორები ანგარიშის მიხედვითვე, ივნისში, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის პასუხად, ევროპულმა საბჭომ მზადყოფნა გამოთქვა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტს შეასრულებს. ამ პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება. ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში მედიის თავისუფლების „მნიშვნელოვანი გაუარესების“, მათ შორის დაშინების, ძალადობის და „მედიის წარმომადგენლების და მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების“ გამო და დაგმო გვარამიას დაპატიმრება. იხილეთ ანგარიში სრულად.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)