|
2022-09-12 13:18:39, 1044 ნახვა
საზოგადოება
გაიცანით მარიამ გურგენიშვილი - გემის ერთადერთი მექანიკოსი ქალი საქართველოში
მარიამ გურგენიშვილი საქართველოში გემის პირველი ქალი მექანიკოსია. რამდენიმე თვეც და ის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული იქნება. ეს პროფესია ბავშვობიდან აინტერესებდა, მით უფრო, როცა მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრიც გემის მექანიკოსია. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე გააგრძელა. როგორც კი საზღვაო აკადემიის საბაკალავრო კურსის შესახებ გაიგო, ფაკულტეტი მაშინვე შეიცვალა და თბილისიდან ბათუმში გადავიდა. „თავიდან ყველა არასერიოზულად აღიქვამდა ჩემს გადაწყვეტილებას - ჩემი ჯგუფელები, მეგობრები, ახლობლები ნათესავები. ასეთი დამოკიდებულებისთვის არც მაშინ მიმიქცევია ყურადღება და არც ახლა ვაქცევ. ჩემთვის არ არსებობს ქალისა და კაცის საქმე. არსებობს პროფესია, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა აირჩიოს და გახდეს პროფესიონალი“, - ამბობს მარიამ გურგენიშვილი. მარიამის თქმით, სწავლის პროცესში კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა გემის მექანიკოსობა. სკოლის პერიოდში მოდელობაზე ფიქრობდა, სამოყვარულო დონეზე თამაშობდა კალათბურთს, თუმცა ამბობს, რომ როგორც კი გემის მექანიკოსობაზე დაიწყო ფიქრი, ყველა სხვა გატაცება გაქრა. „როცა ასეთი დიდი მიზანი გიჩნდება, სხვა რაღაცებისთვის დრო, უბრალოდ, აღარ გრჩება. აღარც ინტერესი გაქვს და მთლიანად შენს არჩეულ გზას მიჰყვები“.
გაზაფხულზე, როგორც კი საბაკალავრო პროგრამას დაასრულებს, მაშინვე გეგმავს გემზე მუშაობის დაწყებას და ყველა ეტაპის გავლას მეოთხე მექანიკოსიდან გემის მთავარ მექანიკოსობამდე. თუმცა ზღვას თავისი წესები აქვს და საფეხურიდან საფეხურზე რომ გადავიდეს, გარკვეული დრო სჭირდება. „თავიდან თითქოს შიშის მომენტიც იყო. მხოლოდ ზღვაში გასვლის წინ კი არა, საერთოდ, როდესაც ამ პროფესიას ვირჩევდი. კი, ნამდვილად რთულია, თუმცა ადამიანები ნებისმიერ სირთულეს ვიღებთ და არაფრად გვეჩვენება, როცა ჩვენი საყვარელი საქმის კეთებას ვიწყებთ. დღეს ჩვენს საქმეში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა ჩემი კონკურენტები მხოლოდ კაცები არიან. რაღაც დონეზე კომპანიებიც თავს არიდებენ ეკიპაჟის დაკომპლექტებისას ქალი წევრის აყვანას. მე რომ ზღვაში გავედი, მაშინაც ასე იყო, მაგრამ ბოლოს დავამტკიცე, რომ ჩემი პროფესიონალიზმით, შრომითა და საქმისადმი სიყვარულით შემიძლია, ეკიპაჟის სრულუფლებიანი წევრი ვიყო. ახლა კომპანია, რომელთან ერთადაც პირველად გავედი ზღვაში, მელოდება, სწავლას რომ დავასრულებ, ისევ მათთან ერთად გავალ ზღვაში“. მარიამთან პირველივე საუბრისას მიხვდებით, რომ ძალიან პრაგმატულ ადამიანთან გაქვთ საქმე. ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილი აქვს. ამბობს, რომ ეს მისი პროფესიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. „მთავარია, ის საქმე გიყვარდეს, რასაც აკეთებ და რა სირთულეც არ უნდა შეგხვდეს, აუცილებლად დაძლევ. ჩვენი საქმე, პრინციპში, ალბათ, როგორც ყველა, დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. აქ მონდომება და მიზანია მთავარი. მერე ყველა შიში და სირთულე ქრება“. მარიამის მთავარი მიზანი ქართული დროშის ქვეშ შორეულ ზღვაოსნობაში წასვლაა. ამბობს, რომ ეს ოცნება არ არის, ეს არის გეგმა, რომლისკენაც გააზრებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. სხვებსაც ამას ურჩევს - დასახულ მიზნებს ბოლომდე მიჰყვნენ. „იყვნენ მაგრები და ძლიერები ყველა საკითხში. მე ჩემი არჩევანითა და პროფესიით ბედნიერი და ამაყი ვარ. ეს არის ჩემი ცხოვრება“. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მარიამის სწავლას „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ აფინანსებს, გადამზადების კურსთან ერთად. როგორც კომპანიის დირექტორი პაატა დუმბაძე ამბობს, ქალთა პროფესიული განვითარება და გაძლიერება მათი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „თეგეტა ჰოლდინგის“ სხვა შვილობილ კომპანიებთან ერთად, „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ აქტიურად არის ჩართული გენდერული თანასწორობის პროექტებში. „ტოიოტა ცენტრი ბათუმისთვის“ მარიამის სწავლის დაფინანსება ძალიან საამაყოა. გვიხარია, რომ მხარს ვუჭერთ გემის პირველ მექანიკოს ქალს საქართველოში. ერთი მხრივ, ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას ქვეყნის საკვანძო პროფესიის წარმომადგენლების, მეზღვაურების მიმართ და ამავდროულად, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს მარიამ გურგენიშვილის, როგორც მომავალი მეზღვაურის, პროფესიონალად ჩამოყალიბების საქმეში“, - ამბობს პაატა დუმბაძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი. საბაკალავრო კურსის გარდა, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მხარდაჭერით მარიამი მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში სავალდებულო კურსსაც გაივლის და ზღვაში მომდევნო სამუშაო გასვლისთვის მოემზადება.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)