|
2020-08-17 18:26:20, 1026 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო: ავტოიმპორტიორებს პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისთვის შეღავათები სამ ეტაპად დაუწესდათ
კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის, ავტოინდუსტრიაზე. იმის გამო, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტი, ძირითადად, ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც ავტომობილების ტრანსპორტირების პერიოდი ხშირ შემთხვევაში, აღემატება 1 თვეს, პანდემიის საწყის ეტაპზე ავტო- იმპორტიორებისთვის შეუძლებელი იყო პანდემიით გამოწვეული რისკების სრულად შეფასება. შესაბამისად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის იმპორტიორები, რომელთაც ავტომობილები პანდემიის დაწყებამდე შეიძინეს. აღნიშნულ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის მიერ, საწყის ეტაპზევე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქება აღნიშნულ სექტორში დასაქმებული პირებისათვის. მიმდინარე წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების 90-დღიანი ვადა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაუვადდათ. სულ, აღნიშნული გადავადებით ისარგებლა 38,000-მდე ავტომობილის მფლობელმა პირმა და გადავადებული გადასახადის ოდენობამ შეადგინა 50 მლნ ლარი. მეორე ეტაპზე, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა საგადასახადო შეღავათის არეალი. კერძოდ, იმის გამო, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილების იმპორტი, რომელიც შეძენილი იყო პანდემიამდე არსებულ პერიოდში, ვერ განხორციელდა მიმდინარე წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადაც, ასევე, 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის აგვისტოში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგადასახადო შეღავათის არეალის კიდევ ერთხელ გაფართოებასთან დაკავშირებით. ამჯერად, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოიცავს პანდემიამდე შეძენილ ავტომობილებს, გახანგრძლივდა 2021 წლის პირველ მარტამდე. სულ, აღნიშნული გადავადებით შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 24,000-ზე მეტმა ავტომობილის მფლობელმა პირმა, ხოლო გადავადებული გადასახადის ოდენობა შეადგენს 35 მლნ ლარს. განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთათვისაც პანდემიის დაწყებამდე, შეუძლებელი იყო არსებული რისკების სრულად შეფასება და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)