2015-09-02 13:45:03, 363 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს უსაფრთხოება უშუალოდ მის ევროპულ არჩევანთან არის დაკავშირებული
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მის ევროპულ არჩევანთან უშუალოდ არის დაკავშირებული.
მისივე თქმით, ქვეყანას აქვს ისტორიული მისია, იქცეს იმ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იმავდროულად ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის სივრცეს წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციაა, რომლის განვითარებას სწორედ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა ესაჭიროება.
მისი თქმით, მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაშია, ამიტომ აღნიშნულმა კიდევ უფრო აქტიურად წარმოაჩინა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ დღეს და ვიქნებით ახლო მომავალში.
„ჩვენ ზუსტად უნდა ვაფასებდეთ ვითარებას და ვმოქმედებდეთ სტრატეგიით, რომელიც არამხოლოდ მომხდარზე რეაგირებას, არამედ სამომავლო სცენარების წინასწარ გათვლას ეფუძნება და პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას ითვალისწინებს“,-აღნიშნა პრეზიდენტი.ერთი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით. ნატოს უელსის სამიტი, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი და ამ შეთანხმების ამოქმედება, მნიშვნელოვანი პროგრესი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში - ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია იმ წინგადადგმული ნაბიჯებისა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყანის განვითარებას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვმართებს ინტეგრაციული პროცესების გასაძლიერებლად და ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად“,-აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამბასადორეალის ფარგლებში დიპლომატები მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითზებზე, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პრობლემატიკასა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენაზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თბილისში ამბასადორიალის გახსნას ვერ დაესწრო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან