2019-10-07 17:48:56, 1556 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის შეცვლაზე უარს ამბობს
თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუა პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ჩანაცვლებას არ აპირებს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, მისთვის დიდი გამოცდილება იქნებოდა პარლამენტში მუშაობა. თუმცა, დეპუტატის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ის ერთი თვის წინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, უმჯობესი იქნება მუშაობა საკრებულოში გააგრძელოს.
"მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე", - აღნიშნა ზარქუამ.
როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით მის შემდეგ სიაში თემურ გოცირიძეა.
ცნობისთვის, პარლამენტში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან