|
2019-02-11 14:51:15, 877 ნახვა
საზოგადოება
ადამიანის უფლებებზე მომუშავე NGO-ები პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენები და მსჯავრდებული პირისა და მისი ადვოკატების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ საქმეში დაირღვა არსებითი ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები, მათ შორის: "საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონისმოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდა, რამაც საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების (დანაშაულის საგნის) ვალიდურობა და სანდოობა ეჭვსქვეშ დააყენა. კერძოდ, მამალაძის დაკავება მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. საქმის მთავარი და ძირითადი მტკიცებულების ამ პირობებში და წესით ამოღება განაჩენის კანონიერების საკითხს არსებითად სადავოს ხდის. საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი.განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როცა კანონი სწორედ ბრალდების მხარეს (პროკურატურას) აკისრებს მტკიცების ტვირთს. სასამართლო მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები. საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა. კერძოდ, ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად და კანონით გაუთვალისწინებელი გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით. პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. დანაშაულის პირობებში მოიაზრება მათ შორის ,,ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა. მნიშვნელოვანია რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტის - განზრახვის არსებობას. პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განსაკუთრებით სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე შედეგებისა და უფლების დარღვევების აღმოფხვრა ამ გზით უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო (TI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)