|
2018-12-13 12:23:36, 1532 ნახვა
სამართალი
საია-მ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება 2 მაისს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ წევრებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ნარკოტიკის შესაძლო მოხმარების გამო, მოქალაქის ძალისმიერი დაკავების პროცესს შეესწრო. „აღნიშნულს ზ. ჯაფარიძისა და „გირჩის“ წევრების მხრიდან სიტყვიერი პროტესტი მოყვა. ისინი პოლიციელებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის, მათ შორის, ნარკოტიკის მოხმარების გამო პირის დაკავების ფაქტის უარყოფით მხარეებს უხსნიდნენ. პროტესტი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე დაიწყო და პოლიციის II განყოფილებასთან გაგრძელდა. ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, ზ. ჯაფარიძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის საქმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განიხილეს. სასამართლო დადგენილება მომჩივნის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და როლთან მიმართებით არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა ჯაფარიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა. სასამართლოებმა ასევე, არ იმსჯელეს, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შეფასდა მომჩივნის ქმედება შეურაცხყოფად და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად. სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ მტკიცების ტვირთი მომჩივანს დააკისრა, განმარტა რა, რომ მას უნდა ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. გარდა ამისა, სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის გამონათქვამები რამდენად იყო დაცული გამოხატვის თავისუფლებით. საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. მოცემული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ სისტემურ პრობლემებს, აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და სავარაუდო სამართალდამრღვევი პირისთვის არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მიღებულმა პრეცედენტმა შეიძლება, “მსუსხავი ეფექტი“ იქონიოს გამოხატვის უფლებით მოსარგებლე სხვა პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)