|
2018-05-02 20:51:37, 1383 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტი არ უნდა ამბობდეს „აფხაზეთს და ოსეთს“ როდესაც ცხინვალის რეგიონზე საუბრობს - ეს შემაშფოთებელია
„საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, არის კონსტიტუციის გარანტი, ინსტიტუტების გარანტი, არ უნდა ამბობდეს „აფხაზეთს და ოსეთს", როდესაც ის საუბრობს ცხინვალის რეგიონზე- ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს არა პოლიტიკური ლიდერი, არამედ გამაერთიანებელი და სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილმა ამ კონსტიტუციური ტრადიციის დამკვიდრების შანსი ხელიდან გაუშვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ტრადიციის შემადგენელი ნაწილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტის მოხსენებაც, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონოდა. „ბევრი გამომსვლელის სიტყვებში მე ამოვიკითხე სინანული და ამ სინანულს ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი. ჩვენ 2013 წელს ავირჩიეთ სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტი. ახალი კონსტიტუციის თანახმად, დღემდე მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის და უნდა იყოს არა პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის ამ სისტემაში არის პრემიერმინისტრი, არამედ პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი ამ ახალ კონსტიტუციურ სისტემაში. ასეთია მისი როლი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს 2013 წლიდან უნდა დაემკვიდრებინა ახალი ინსტიტუტი და ახალი კონსტიტუციური ტრადიცია და ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა და შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ სინანულს, რომელიც გამოიხატა ჩვენი კოლეგების მიერ, აქვს შესაბამისი საფუძველი. თუნდაც მოხსენება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ დღეს, უნდა ყოფილიყო, უნდა გამხდარიყო ამ ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. მას უნდა ჰქონოდა განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე უშუალო შეხება მქონდა გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებასთან და ვიცი გერმანული ტრადიციები ამ მიმართულებით და ვიცი ის, რომ პრეზიდენტების მთელი რიგი მოხსენებები იქცა გერმანიაში გერმანული პოლიტიკის ისტორიად. ასეთია, მაგალითად, თეოდორ ჰოიცის მოხსენება, რიჰარდ ფონ ვაიცზეკერის მოხსენება და ასე შემდეგ. ასეთი მოხსენებები ამკვიდრებს კულტურას, ამკვიდრებს ტრადიციას და ეს უნდა ყოფილიყო ბატონი გიორგი მარგველაშვილის როლი და უშუალოდ მისი მოხსენებების ფუნქციაც",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ვერ მოისმინეს ვერცერთი დასამახსოვრებელი მოხსენება, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გამაერთიანებლის ნაცვლად, პრეზიდენტი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა. „სამწუხაროდ, გასული ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დასამახსოვრებელი მოხსენება ბატონი გიორგი მარგველაშვილის მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაშიც, ბატონმა გიორგიმ ხელიდან გაუშვა შანსი, რომ დაემკვიდრებინა ახალი ტრადიცია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მოხსენებებიც, მათ შორის, დღევანდელი მოხსენებაც, იყო რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოხსენება, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება თავად პრეზიდენტის მოხსენებას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოლეგების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს იზიარებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო მრავალი ნიუანსი, რომელიც კრიტიკას იმსახურებდა. „დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსს" გამოსტყუა ტაში ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მისი მოხსენების მსვლელობის დროს და რამდენჯერმე გამოსტყუა ტაში საკუთარ ადმინისტრაციას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე ვისურვებდი, რომ მომავალში, როდესაც მოხსენებით წარსდგება პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის წინაშე, მას უპასუხოს აპლოდისმენტებით ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იჯდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. სამწუხაროდ, დღეს ეს ვერ ვიხილეთ, რასაც ჰქონდა, ბუნებრივია, თავისი ობიექტური საფუძველი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც, წარსდგა პარლამენტის წინაშე არა როგორც ლიდერი, არა როგორც გამაერთიანებელი, არამედ როგორც რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რაც იყო ძალიან სამწუხარო. დღევანდელი მოხსენება შეფასდა ძალიან კრიტიკულად ჩემი კოლეგების მიერ და მეც ამ კრიტიკას უნდა შევუერთდე. იყო უამრავი ნიუანსი, რომელიც იმსახურებდა კრიტიკას, დაწყებული წმინდა შინაარსობრივი საკითხებით და დამთავრებული თუნდაც ტერმინოლოგიით., რომელსაც იყენებდა ბატონი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, არის კონსტიტუციის გარანტი, ინსტიტუტების გარანტი, არ უნდა ამბობდეს აფხაზეთს და ოსეთს, როდესაც ის საუბრობს ცხინვალის რეგიონზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურზე, ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის თუნდაც სიმბოლურ, მაგრამ გარანტზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)