|
2018-03-29 15:59:14, 2142 ნახვა
სამართალი
ყოფილი პროკურორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მისცეს
ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე რივერა ბენდელიანი და კიდევ ორი პირი პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე რ.ბ, ნ.ბ. და ი.ა. ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ.მ.-ს ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ მობილური ტელეფონის საშუალებით უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. მათ შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ.ბ.-მ მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით გადაწყვიტა ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საშუალებით გავრცელება, რაც გაანდო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი.ა.-ს, რომელმაც თავის მხრივ მის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა. 2017 წლის 05 დეკემბერს, რ.ბ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" გაავრცელა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ი.ა.-მ გავრცელების მიზნით 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და ხსენებული ჩანაწერის აღწერილობისას მიუთითა მ.მ.-ს ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი. აღნიშნული ქმედებების შედეგად ჩანაწერი ასევე ხელმისაწვდომი გახდა ნ.ბ.-სთვის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა მ.მ.-ს და რ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში მათი მცირეწლოვანი შვილის ძიძად. ნ.ბ.-მ, რომელიც ასევე კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა მ.მ-სთან, 2017 წლის 1 თებერვალს, გავრცელების მიზნით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მ.მ.-ს პირადი ღირსების შეურაცხყოფა და მიადგა მორალური ზიანი. გამოძიების მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე, ბრალდებულთა საცხოვრებელ ბინებში და ოფისში ვიდეომასალის აღმოჩენის მიზნით ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა კომპიუტერული მონაცემების შემცველი საგნები. მათზე დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად როგორც ი.ა.-ს, ისე ნ.ბ.-ს პერსონალურ კომპიუტერებში აღმოჩნდა ზემოხსენებული ვიდეომასალა. ი.ა.-ს და რ.ბ-ს შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდება მათი მხრიდან ვიდეოჩანაწერის გასავრცელებლად წინასწარი შეთანხმებისა და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვის ფაქტი. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)