|
2018-03-22 18:01:40, 1394 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შეხვედრისას ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და განათლების მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებაზე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, განვლილი სამი წლის განმავლობაში, საქართველომ და ბელარუსმა არაერთ წარმატებას მაღწია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით და ერთობლივად განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც დადებითად აისახა ჩვენს სავაჭრო და ეკონომიკურ მაჩვენებელზე. "დღეს ჩვენი პარტნიორობა ყველა სფეროში დინამიურად ვითარდება და ჩვენს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები დღითიდღე ღრმავდება. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლებთან შედარებით 24%-ით, ხოლო ტურიზმის მაჩვენებელი კი 29% -ით გაიზარდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას. მისი თქმით, ხელმოწერილი შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ხელს შეუწყობს ამ დარგებში თანამშრომლობის განვითარებას და დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული შეთანხმებებიდან განსაკუთრებით გამოყო შეთანხმება ქვეყნებს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ, რაც, მისი განცხადებით, კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს და განამტკიცებს უკვე არსებულ კავშირებს. ეროვნულ ბანკებს, საპარტნიორო ფონდსა და ბელარუსის ბანკს შორის დადებული შეთანხმებები კი, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს სურს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეები გაუზიაროს პარტნიორებს. დელეგაციებმა იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რასაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება იძლევა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო - ბელორუსის ურთიერთობა, სხვადასხვა გეოპოლიტიკური სივრცის წარმომადგენელი ქვეყნების ურთიერთობის, წარმატებული მაგალითია. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველო-ბელარუსის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი მურთაზ კიკორია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)