|
2018-03-15 11:04:49, 1715 ნახვა
სამართალი
EMC თემრილან მაჩალიკაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს აფასებს
სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ჩატარებული ექსპერტიზის, მათ შორის, 2018 წლის 13 მარტს დასრულებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებსა და გამოვლენილ ხარვეზებს აფასებს. EMC -ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს) თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დანიშნული რამდენიმე ექსპერტიზის (კომპლექსური-გენეტიკური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო) შედეგებმა გამოძიებისა და მტკიცებულებების ამოღების, დოკუმენტირებისა და შენახვის პროცესში არაერთი ხარვეზი გამოააშკარავა, რაც გამოძიების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობის მიმართ ნდობას ასუსტებს. „სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარე ეტაპზე, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ისევე, როგორც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ხელყუმბარის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებების ამოღება, სუს-ის გამომძიებლების მიერ განხორციელდა. შესაბამისი ექსპერტიზა (მათ შორის ბალისტიკური, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური) იმავე უწყების მიერ დაინიშნა. ეს გარემოება, საქმის ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებების ვალიდურობას სადავოს ხდის და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ კითხვებს აჩენს. სუს-ის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 19 იანვარს ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქეს. ეს გადაწყვეტილება აჩენს ეჭვებს ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ხელოვნურად განადგურებაზე და ამასთანავე, ოჯახის ადვოკატებს ხელყუმბარაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას ართმევს. ბალისტიკური ექსპერტიზების შედეგები აჩვენებს, რომ გასროლა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახის კარის შუა ადგილიდან, იატაკიდან 1.35 მ. სიმაღლიდან განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზისთვის შეუძლებელი იყო სროლის მანძილის ზუსტი განსაზღვრა, დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან (რაც დადგენილი კლასიფიკაციით <1.2 მ. არის) არ განხორციელებულა. საქმის მასალებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილიდან იმთავითვე არ იყო ამოღებული მასრა, რამაც არსებითად გაართულა სროლის მანძილის განსაზღვრა. სუს-ის განმარტებით, მასრის შემთხვევის ადგილიდან ამოღების პრობლემა დაკავშირებული იყო იარაღის ნაწილის დაზიანებასთან, რამაც ავტომატში მასრის გაჭედვა გამოიწვია. აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოობის, შესაძლო დაზიანების მიზეზებისა და ეფექტის შესასწავლად, ოჯახის ადვოკატებმა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, 2018 წლის 13 მარტს დასრულებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული დაზიანების ქირურგიული დამუშავების შედეგად კვალის წაშლამ და სამედიცინო ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრულყოფილმა და ხარვეზიანმა დოკუმენტირებამ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სროლის მანძილის განსაზღვრა შეუძლებელი გახადა. ხელყუმბარაზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის შედეგების თანახმად დადგინდა თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის (დნმ) არსებობა ხელყუმბარასა და ფალიაზე (მათ შორის, სისხლის კვალის სახით). თუმცა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ხელყუმბარაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები არასაკმარისია მათი იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ფალიაზე თითის კვალი საერთოდ არ არის აღმოჩენილი. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ადვოკატებსამ დრომდე არ მოგვეპოვება შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარის თავდაპირველი მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა და მოწმეების ახსნა-განმარტებები. მთლიანობაში, ყველა ეს გარემოება აჩვენებს, რომ გამოძიების ფარგლებში არსებითი მტკიცებულებების ამოღების, შენახვისა და დოკუმენტირების პროცესში დაშვებული იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის პრობლემაზე უთითებს. ზოგიერთ შემთხვევაში, კი, მტკიცებულებებისა და სურათის სრულყოფილი აღდგენის შესაძლებლობის განადგურების ინტერესზე ჩნდება ეჭვები“,-ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)