|
2018-03-07 11:18:18, 1537 ნახვა
საზოგადოება
არაქართულენოვანი წარწერების გამოყენების შემთხვევაში, ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 1000 ლარამდე, იურიდიულზე კი, 3000 ლარამდე იზრდება
დედაქალაქში არსებულ აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნულ ცვლილებას შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს სთხოვა, შესაბამის ორგანიზაციებსა და პირებს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, გონივრული ვადა პირველ აპრილამდე მიეცეს. „ჩვენ პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ქართული ანბანის არგამოყენებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. ვიყავით გასული კონრეტულ ადგილებსა და ქუჩებში, სადაც ეს პრობლემა არსებობს. ზოგადად, ეს პრობლემაა ქალაქში, რადგან არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მინდა ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვო, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა იმისთვის, რომ არსებული პრობლემა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან შეგიძლიათ, დაჯარიმება დაიწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის იერსახე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და ქართულ დამწერლობას ყველამ პატივი უნდა სცეს. „პარალელურად, კანონში შეგვაქვს ცვლილებები. დღეის მდგომარეობით, ფიზიკური პირი 200 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარით. ცვლილებების შედეგად გვინდა, რომ ფიზიკური პირი, ვისაც ეს საკითხი არ ექნება მოწესრიგებული, 1000 ლარით დაჯარიმდეს, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით. ეს ის მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)