04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 13:30:16, 1481 ნახვა

საზოგადოება
საქართველომ კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების შემცირების და პრევენციისთვის 70 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

საქართველომ მრავალმხრივი კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადრეული შეტყობინების ახალი პროექტის მეშვეობით, 1.7 მილიონი ადამიანი საქართველოში დაცული იქნება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეებისგან.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები, ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია  შევამციროთ გარემოსდაცვითი რისკები.  ახალი პროგრამის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ უკეთ დავიცვათ საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დამანგრეველი წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებისგან“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

პროგრამა, რომლის სახელწოდებაა „საქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და ის 7 წელზეა გათვლილი. მისი დაფინანსება შედგება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტისგან (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილისგან (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტისგან (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამის უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. 

საქართველოში ჩატარებული შეფასებებისა და პარიზის შეთანხმებაში „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (INDC) დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გაატარებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომებს, მისი ზარალი 2021 – 2030 წლებში 10-დან 12-მდე მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ამავე შეფასებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომების ღირებულება დროის ამავე პერიოდში 1.5-2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობაში ინვესტირება მომგებიანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. საქართველოში რისკების მართვა კვლავაც რეაქტიულ ხასიათს ატარებს და უკვე გამოვლენილ რისკებზე რეაგირებას მოიცავს. ასეთი მიდგომა განაპირობებს მაღალ ხარჯებს ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა კომპენსაციებზე და კატასტროფის შემდგომ აღდგენაზე, ისევე როგორც ეკომიგრანტების რიცხვის ზრდას. პროექტის განხორციელების შედეგად, კლიმატური საფრთხეების მართვის პარადიგმა საქართველოში შეიცვლება რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის მიმართულებით”,-აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ახალი პროექტის მიზანია საქართველოში მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვა წარსულში განხორციელებული წარმატებული ინიციატივების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადაპტაციის ფონდის მიერ მდინარე რიონის აუზში შესრულებული პროექტია, რომლის  ფარგლებში მოხდა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით შემუშავებული განვითარების პოლიტიკისა და მოსახლეობის ადაპტაციის ზომების გამოცდა.

მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსთვის გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობა კლიმატური ინფორმაციის გაუმჯებესებისა  და ადრეული შეტყობინების სისტემის სრულყოფის საიმედო შესაძლებლობაა. საქართველომდე კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსება მალავის  რესპუბლიკამ და უგანდამ მიიღეს. ორივე ქვეყანაში კლიმატურ რისკებთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებამ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, სიღარიბის შემცირება და სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესება გამოიწვია. ადაპტაციის ფონდის (AF), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს კლიმატური ინფორმაციისა და ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მხარს უჭერს რისკების შესახებ ინფორმაციაზე დაფუძნებული სამოქალაქო ინვესტირების დაგეგმვას.

„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია გლობალური მიზნების მიღწევისა და 21-ე საუკუნის შესაბამისი განვითარების გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა  საქართველოში.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics