|
2018-03-02 16:43:20, 1599 ნახვა
საზოგადოება
„ძალა ერთობაშია“ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით აქციებს აანონსებს
მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელიც თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე საპროტესტო აქციების ორგანიზებას ეხება. განცხადებას მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ქაცარავა განმარტავს, რომ მოძრაობა ბოლო რამდენიმე დღეა აქციების დაგეგმვისგან თავს იკავებს: "მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, დაელოდოს ცხედრის გადმოცემის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგებს, "ძალა ერთობაშია“ თავს იკავებდა მწვავე საპროტესტო აქციების დაგეგმვისგან, აცნობიერებდა რა, რომ პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ვალია, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს როგორც ცხედრის გადმოცემა, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა",- წერია განცხადებაში. დავით ქაცარავა წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებისთვის: "ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ჩვეული სტილით მოქმედებას აგრძელებენ და 1 მარტს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე მალხაზ წურწუმია გაიტაცეს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ახალგორში თითქოსდა ნაპოვნი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილის დამონტაჟებული ყოფილიყო. ეს "ახალი“ გარემოება შემთხვევითი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონით, ტერორიზმში ბრალდებულის ცხედარი ოჯახს არ უბრუნდება“,- წერია განცხადებაში. ამ ფონზე, დავით ქაცარავა თვლის, რომ „ერთადერთი, რამაც საოკუპაციო რეჟიმი, შესაძლოა, აიძულოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესი დააჩქაროს, ახალგორში დატყვევებულ კიდევ ორ საქართველოს მოქალაქეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცეს და 1 მარტს ენგურის ხიდიდან გატაცებული მალხაზ წურწუმია გაათავისუფლოს, სწორედ საპროტესტო აქციებია, თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გადაკეტვისა და ლარსის გავლით შემოსული ტრანზიტული ტვირთების ბლოკირების ჩათვლით, რაც რეალურად, დისკომფორტის შემქმნელი იქნება რუსეთისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)