08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:27:53, 1487 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ აგვისტოს ომის შესახებ გაერო-ს შტაბბინაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ქართული მხარის ინიციატივით ნიუ-იორკში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიის ფარგლებში, სესიის გახსნის დღეს გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ინფორმირებაა, რაც საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე განსაკუთრებით ღირებულია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ინტენსიურ ფაზაში შედის.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა სახელმწიფოთა წარმომადგენლებსა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს დეტალურად განუმარტა, თუ რა აგრესიულ მოქმედებებს ახორციელებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული  ყურადღება დაუთმო 2008 წლის ომის დროს რუსეთის მხრიდან კაცობრიობის წინააღმდეგ  ჩადენილ დანაშაულებს და ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველო ჰააგის სასამართლოსთან, რათა გამოუძიებელი არ დარჩეს ის ქმედებები, რაც საქართველოს ოკუპაციისას განხორციელდა.

გოჩა ლორთქიფანიძემ  რუსეთის მიერ ჩადენილ ყველა იმ დანაშაულზე ისაუბრა, რომელთა გამოძიებაც საქართველოს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქისათვის უმნიშვნელოვანესია. 

მათ შორის იყო: ქართველების ეთნიკური წმენდა,  სამოქალაქო პირებისა და ობიექტების დაბომბვა, ქართული სოფლების მასობრივი და მიზანმიმართული გადაწვა, საკუთრების განადგურება, ძარცვა და მაროდიორობა,  მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობა და წამება,  რუსეთის აგრესია როგორც კოორდინირებული პოლიტიკა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესს მრავალი გამოწვევა ახლავს თან, მათ გადალახვაში კი ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი ფაქტორია.

 მან  პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებსა და საერთაშორისო მისიებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიებას.

ქართულმა დელეგაციამ ღონისძიების მონაწილეებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ამსახველი ვიზუალური მასალა გააცნო და იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საინფორმაციო ბროშურა გადასცა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ჩადენილი დანაშაულები.

შეხვედრის დასასრულ, გოჩა ლორთქიფანიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სესიის მონაწილეებს, ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა 2008 წლის ომის ათასობით მსხვერპლისთვის მართლმსაჯულება აღსრულდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

ქართული დელეგაცია გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე რომის სტატუტის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით 6 დეკემბერს გამოვა და მისი საუბრის მთავარი თემები რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია იქნება. ასამბლეა 4 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს გურმენდიმ და ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გახსნეს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics