|
2017-11-09 14:43:26, 1699 ნახვა
პოლიტიკა
როზენკო: რაც უკრაინასა და საქართველოში ხდება, ეს არის ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი ადამიანი
უკრაინის ვიცე პრემიერი მინისტრი პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, წეროვანის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა და მინანქრის საწარმო დაათვალიერა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, წეროვანში დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, სოზარ სუბარი და პავლო როზენკო ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. მინისტრები საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. სოზარ სუბარმა უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ბერლინის კედელი იყო საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის, ცივილიზაციასა და ბოროტებას შორის, როგორც დღეს, ეს ხელოვნური ბარიერი არის საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის. მჯერა, რომ როგორც ბერლინის კედელი დაინგრა, ისე დაინგრევა ნებისმიერი ასეთი ბარიერი. დღეს, საქართველო და უკრაინა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. თუმცა, ორი მეგობარი ქვეყნის მტკიცე პოზიცია და საერთაშორისო მხარდაჭერა არის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის ვიცე-პრემიერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ უკრაინისგან. უკრაინელები იბრძოდნენ ჩვენს გვერდით, როგორც ქართველები იბრძვიან დღეს უკრაინაში და ეს არის საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა პავლო როზენკომ, ე.წ საზღვრიდან, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. „ის რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში არის ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი განადგურებული, დახვრეტილი ადამიანი და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, ამის ნახვა შეუძლებელია უკრაინაში, რადგან იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ზუსტად გუშინ, უკრაინაში მოკლული იქნა ჯარისკაცი ოკუპანტების მიერ. გამოვთქვამ იმედს, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და აქედან მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა აღდგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პავლო როზენკომ. უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. ვიზიტის მიზანს, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)