|
2017-10-16 11:05:23, 1866 ნახვა
საზოგადოება
ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო" ფარგლებში, 13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის, ცნობილი ღვინის მაგისტრის ჯულია ჰარდინგის, ღვინის ექსპერტის ერვე რომას და ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის ანა გოდაბრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დეგუსტაცია-პრეზენტაციის ღონისძიებებს 100-მდე სტუმარი - ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო. ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) მიმდინარე წლის ივლისიდან ქართული გამოფენა უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. წარმოდგენილი ექსპოზიცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას გაეცნოს და ამავე დროს, ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრების ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებში მიიღოს მონაწილეობა. „გამოფენა ღვინის ცივილიზაციის ცენტრში არის საუკეთესო საშუალება კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ქართული ღვინო ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენის ფარგლებში არაერთი დეგუსტაცია-პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოს, ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებას, ღვინის დაყენების მეთოდებს. ასეთი დეგუსტაციები საშუალებას იძლევა მომხმარებელმა არა მარტო დააგემოვნოს ღვინო, არამედ დასვას კითხვები, მიიღოს მეტი ინფორმაცია, გაეცნოს სხვადასხვა მოსაზრებას“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა. მუზეუმის სტუმრებისთვის გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე, მათ შორის ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრეს ღვინის ექსპერტებმა ჯულია ჰარდინგმა და ერვე რომამ. „საქართველოს წარმოჩენა ბორდოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბორდო არის მეღვინეობის უდიდესი რეგიონი, სადაც ბევრი და კარგი ღვინო იწარმოება. ამ რეგიონს მეღვინეობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არა იმაზე დიდი ხნის, ვიდრე საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია გამოფენის ვიზიტორებს გავუზიარო ქართული ღვინის ხარისხის, მისი ხასიათის შესახებ მოსაზრებები“, - აღნიშნა გამართული პრეზენტაცია-დეგუსტაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯულია ჰარდინგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და მუზეუმის საპატიო მასპინძელია.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)