05:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 16:54:10, 1641 ნახვა

საზოგადოება
პროექტ ART FROM GEORGIA–ს ფარგლებში ამბროლაურის აეროპორტში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის აეროპორტებში პერიოდულად მოეწყობა ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, რათა საქართველოს ყველა სტუმარს, ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მიეცეს შესაძლებლობა, გაიცნოს საქართველოს  კულტურა და იქ მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იდეა გიორგი კვირიკაშვილმა 26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე გააჟღერა.

პირველი ასეთი გამოფენის ადგილად ამბროლაურის ახალი აეროპორტი შეირჩა, სადაც 13 ოქტომბერს ონში მცხოვრები 18 წლის ახალგაზრდის - ზაურ გამყრელიძის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი და მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაესწრნენ.

„პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული იდეა მართლაც შესანიშნავია. ის  საშუალებას აძლევს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თავიანთი ნამუშევრები წარმოუდგინონ საქართველოს სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი გაცნობა ამ კუთხის, ამ რეგიონის და მთლიანად  საქართველოსი მოხდება ამ ახალგაზრდა ადამიანების ნამუშევრებით. მინდა ზაურ გამყრელიძეს ვუსურვო წარმატებები, ჩვენი მას და ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას, რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს დავუჭერთ. ეს არის პირველი მაგალითი, უახლოეს მომავალში მსგავსი გამოფენები მოეწყობა საქართველოს სხვა აეროპორტებშიც. მინდა, ბატონ პრემიერ მინისტრს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი პროექტის ინიცირებისთვის“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

რეგიონის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ რაჭაში ასეთი  მიდგომები   გაგრძელდეს. „ჩვენს მხარეს  აქვს გამორჩეული ტრადიცია ხელოვანი ხალხის მიმართ, გასახარია,  რომ  ზაურ გამყრელიძე გამოირჩევა განსაკუთრებით ნიჭიერებით  და ხელისუფლების პოლიტიკაც  სწორედ ასეთი  ახალგაზრდების წახალისებისკენ, სტიმულის მიცემისკენ არის მიმართული“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

„ ეს მართლაც ძალიან კარგი  პლატფორმაა,  რომ აღმოვაჩინოთ ახალი სახეები და სახელები და მათი ნამუშევრებიც პოპულარული გახდეს როგორც  ქართულ საზოგადოებაში,   ისე  ჩამოსული ტურისტებისთვის. ნამუშევრებით აღფრთოვანებული ვარ, მართლაც საინტერესოა, ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავ ამ ადამიანში“ – განაცხადა კახა კანდელაკმა.

ზაურ გამყრელიძემ პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა. ძველს რომ შეელია, ზაურის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო: პირველი ქანდაკება 2013 წელს შექმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა მიმდინარე წლის ზაფხულში ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

„ჯერ კიდევ ბაღის ასაკში დავიწყე პლასტილინით მუშაობა, თავიდან ეს იყო ბავშვური გართობა, 14 წლის ასაკიდან კი უფრო სერიოზული სახე მიეცა და კონცეპტუალური სკულპტურების გაკეთება დავიწყე.  დღევანდელ გამოფენაზე  20 ნამუშევარია წარმოდგენილი და პროექტ ART FROM GEORGIA –ს ფარგლებში უკვე მეორე პერსონალური გამოფენა იხსნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ყველა ორგანიზატორს და ავტორს.  ახალგაზრდა არტისტებისთვის მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ თავიანთი შემოქმედება გამოფინონ ასეთ სივრცეებში,  სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, მათ შორის ბევრი უცხოელიც“, – განაცხადა ზაურ გამყრელიძემ.

ამბროლაურის აეროპორტში ზაურ გამყრელიძის ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის ინიცირებული პროექტი სახელწოდებით ART  FROM GEORGIA მომავალი წლის იანვარში კიდევ უფრო ფართოდ ქუთაისის აეროპორტში გაიშლება, სადაც წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics