18:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 11:58:31, 1832 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა არ დაუშვას

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), 10 არასამთავრობო ორგანიზაცია, აკადემიური ინსტიტუტები და იურისტები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტებისა და იურისტების პოზიცია  და კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი საფუძვლებით შეზღუდვა.

„2017 წლის  საგაზაფხულო სესიაზე, მეორე მოსმენისას, პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის საფუძვლებს დაამატა ისეთი არაგანჭვრეტადი კრიტერიუმები, როგორებიცაა “სახელმწიფო უსაფრთხობა”, “დანაშაულის თავიდან აცილება” და “მართლმსაჯულების განხორციელება”. მიუხედავად, იმისა, რომ ვენეციის კომისია თავდაპირველ ოფიციალურ მოსაზრებაში ხელისუფლებას მოუწოდებდა, რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზნები გაეწერა იმგვარად, როგორც ეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებითაა დადგენილი, საპარლამენტო უმრავლესობამ უფლებაში ჩარევა  დამატებითი, არაგანჭვრეტადი და მაღალი რისკის შემცველი საფუძვლებით განიზრახა. 

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის არღვევს სხვათა უფლებებს. ამჟამად კი, ცვლილებების პროექტი რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ექვს საფუძველს ითვალისწინებს, რომელთაგან “სახელმწიფო უსაფრთხობა”, “დანაშაულის თავიდან აცილება” და “მართლმსაჯულების განხორციელება” არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. ამგვარი კრიტერიუმებით რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევას კატეგორიულად არ უშვებს არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და არც ევროპის ქვეყნების კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.

შესაბამისად, ვენეციის კომისიამ 22 სექტემბერს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილ მეორე მოსაზრებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემული საფუძვლები ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის გაგებით არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზნებს, კონვენციაში წარმოდგენილი ლეგიტიმური მიზნები მოითხოვს მკაცრ ინტერპრეტირებას და არ უნდა იყოს გაფართობული სხვა, დამატებითი ცნებებით. ვენეციის კომისიამ საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც მიუთითა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს არ შეუძლია რელიგიის თავისუფლება შეზღუდოს სახელმწიფო/ეროვნული უსაფრთხოების საბაბით.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ცვლილებები აღმსარებლობის, რწმენისა და სინდისის თავისუფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკს წარმოშობს. ამ საფრთხეს სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტიც აძლიერებს, რადგან რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვისა და სახელმწიფოს არასათანადო, არაეფექტური რეაგირების შემთხვევებს კვლავაც ხშირი და სისტემური ხასიათი აქვს.

ხელმომწერები მოვუწოდებთ  საქართველოს პარლამენტს:

გაითვალისწინოს რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და რელიგიის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხის შემცველი ნორმა იმგვარად შეცვალოს, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  (GYLA); ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო(OSGF); სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი; კონსტანტინე კუბლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; დავით ზედელაშვილი, კონსტიტუციონალისტი; გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; ლევან რამიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ბურჯანაძე, სამართლის მაგისტრი; გიორგი ჩიტიძე, იურისტი; მიხეილ შარაშიძე, იურისტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics