|
2017-09-19 12:27:06, 2324 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დეპუტატების სიას აქვეყნებს, რომლებიც ორგანიზაციის ცნობით, არადეკლარირებულ ბიზნეს აქტივებს ფლობენ
"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" საკანონმდებლო ორგანოს იმ წარმომადგენელების სიას აქვეყნებს, რომლებიც არადეკლარირებულ ბიზნეს აქტივებს ფლობენ და მათ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, ხოლო პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს. "კერძოდ კი, 14 დეპუტატი უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე; ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია. ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნესებს ფლობენ: ივლიანე წულაია („ქართული ოცნება”) - 31 კომპანია, ნინო წილოსანი („ქართული ოცნება”) - 13 კომპანია, კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 13 კომპანია. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. კერძოდ: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე(„ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართულიოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო - რეგიონები“), გიორგი ლომია(საქართველოს პატრიოტები)", - ნათქვამია მესამე სექტორის ანგარიშში. რაც შეეხება შევსებული დეკლარაციების მიხედვით ერთი წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავას სამეწარმეო საქმიანობიდან, ყველაზე მაღალი შემოსავალი "ქართული ოცნების" 3 დეპუტატს აქვს: "კახაბერ ოქრიაშვილს („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 17,429,052.00 ლარი პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და ქონების, ასევე მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ბიზნესისა და უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებს, ასევე პარლამენტიდან მიღებულ ინფორმაციას. კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციის არასწორად შევსება შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს - დარღვევის არსებობის შემთხვევაში პირი ჯარიმდება 1000 ლარით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთანავე, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)