08:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 06:14:14, 3376 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ ანთიძე ატენის სიონის გვერდით მშენებლობის ნებართვის გაცემას ადასტურებს-პროექტი საპატრიარქომაც მოიწონა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს​ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს, რომ ატენის სიონის გვერდით სამშენებლო სამუშაოების ნებართვა გაცემულია. როგორც ანთიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ ატენის სიონის მიმდებარედ  ადრე არსებობდა კერიები და სამონასტრო ცხოვრება, ახლა კი  სწორედ სამონასტრო კერიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხდება.

ანთიძე ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა დაახლოებით, 10 წელიწადია მიმდინარეობს და ის განხილულია შესაბამის საბჭოებში, რომლებიც  რესტავრატორებისგან, არქიტექტორებისგან, ხელოვნებათმცოდნეებისგან, ისტორიკოსებისგან და სხვა  კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება.

„ ეს პროექტი მზადდებოდა დაახლოებით 10 წელიწადი. ჩართულები  იყვნენ საკმაოდ წარმატებული და ცნობილი რესტავრატორები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. არქეოლოგიურ სამუშაოებზე დაყრდნობით, იქ აღმოჩენილი იყო ნასახლარი, ანუ კერიები და მონასტრის ძველი კვალი, სამუშოებზე დაყრდნობით მომზადდა ძალიან ნორმალური და მისაღები პროექტი, რომელიც განიხილა კვალიფიციურმა საბჭომ და, რა თქმა უნდა, გაიცა ჩვენგან თანხმობა იმაზე, რომ ამ კერიების სამონასტრო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს“,-აღნიშნა ნიკოლოზ ანთიძემ.

ატენის სიონი  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია და მას იცავს კანონი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის  არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს  ტაძრიდან 500 მეტრის რადიუსში  ყოველგვარი სამუშაოები იკრძალება.

ანთიძის განმარტებით, კანონში, რომლის თანაავტორიც თავის დროზე თავად იყო, წერია, რომ აკრძალულია ისეთი სამუშაოები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან თვითონ ტაძარს, ან მის ვიზუალურ აღქმას. ნიკოლოზ ანთიძის მტკიცებით, ამ შემთხვევაში არც ერთი  ხდება. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მსოფლიო მნიშნელობის ტაძარს საფრთხე ემუქრება.

„არანაირი აკრძალვა არ არის კანონში, კანონის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ. კანონში წერია- აკრძალულია ისეთი სამუშაოები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან თვითონ ტაძარს, ან მის ვიზუალურ აღქმას. ამ შემთხვევაში არც ერთი ხდება. ჩვენს საბჭოზე გასულია და ვიცით, ამ კანონის  თანაავტორი ვარ თავის დროზე და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი ამ კანონის შინაარსობრივი მხარეც. ამ ჩანაწერით მითითებულია ის, რომ იქ არ შეიძლება პირველ რიგში ჩვენს გარეშე, თანხმობის გარეშე სამუშაოები და მეორე, არ შეიძლება  სამუშაოები, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ატენს, როგორც ვიზუალური, ასევე ფიზიკური. არც ერთი ხორციელდება,  არც მეორე. იმიტომ იყო საბჭოზე გატანილი, იმიტომ  იყო საპატრიარქოს საბჭოსთან შეთანხმებული ეს მთელი პროექტი ყველა ნორმის დაცვით. ძალიან დიდი ხანი მუშობდა ამ პროექტზე საკმაოდ ცნობილი ჯგუფი. ასე რომ, ეს კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა და  როგორც უნდათ ისე აბამენ ქოთანს ყურს ოპონენტები“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნიკოლოზ ანთიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 36- მუხლში წერია:

1. ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.

2. ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით.

3. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის:

იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას;

 ქიმიურ, ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებათა შენახვა;

ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას;

მცენარეთა იმ სახეობების ან იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი.

4. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება:

აძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით;

 ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით;

6. ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის N665 ბრძანებულებით ატენი სიონს წორედ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა და ამ აქტით ძეგლის დამცავი მექანიზმები კიდევ უფრო გაძლიერდა.

რატომ შეჩერდა ატენის სიონის გვერდით  მშენებლობა რვა წლის წინ და რის საფუძველზე  გრძელდება ახლა? იმ დროს  ძეგლს საფრთხე ემუქრებოდა? ამ კითხვაზე ნიკოლოზ ანთიძის პასუხია, რომ მაშინდელი პროექტი არ იყო მისაღები, მათ შორის საპატრიარქოსთვის. ახლა კი, ანთიძის განმარტებით,  პროექტი მოწონებულია როგორც საპატრიარქოს, ისე სხვა შესაბამისი საბჭოების მიერ:

„მაშინდელი პროექტი არ იყო მოწონებული, შემდეგ განხორციელდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელმაც დაადასტურა, რომ  იქ ადრე ისტორიულად არსებობდა კერიები და სამონასტრო ცხოვრება და ამ მასალებზე დაყრდნობით დაიწყო ახალი პროექტის მომზადება, რომლის შედეგიც დაიდო წელს და გაიცა შესაბამისი საბჭოების მეშვეობით თანხმობა. მოწონებულია არა მარტო საპატრიარქოს,  ჩვენი საბჭოს მიერ, სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული ეს საბჭო. ასე რომ,  პრეტენზიები არ მიიღება იმ ჯგუფებისგან, რომლებსაც არ აქვთ ამისთვის სპეციალური განათლება“,-ამბობს „ექსპრესნიუსთან“ საუაბრში ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი  ნიკოლოზ ანთიძე.

ატენის სიონი მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვრული ტიპისაა; დგას V საუკუნეში სპეციალურად აგებულ მძლავრ ხელოვნურ ბაქანზე, რომელიც რთულ საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს. ტაძარი აშენებულია VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე, ქართლის ერისთავების - ნერსეს და სტეფანოზის დაკვეთით. ტაძარზე განთავსებულია ისტორიული პირებისა და წმინდა წერილის სიუჟეტების ამსახველი რელიეფური ქანდაკებები, რომელთა თარიღი V-X საუკუნეებით განისაზღვრება.

ატენის სიონის ფასადებსა და ინტერიერში განაწილებულია მეშვიდე-მეთორმეტე საუკუნეების, როგორც ისტორიული ხასიათის, ისე მომლოცველთა წარწერები; მათ შორისაა დავით აღმაშენებლის მიერ გაკეთებული წარწერა.

ტაძარი შეიცავს ორი სხვადასხვა პერიოდის კედლის მხატვრობას. პირველი ფენა VIII მერვე საუკუნის დასაწყისისაა და სიმბოლურ გამოსახულებებს შეიცავს, ხოლო მეორე ფენა XI მეთერთმეტე საუკუნის მიწურულშია შესრულებული და საეტაპო ნაწარმოებს წარმოადგენს, რამაც საფუძველი დაუდო გარკვეულ სტილს XI-XII მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების კედლის მხატვრობაში. მასში ასევე დაცულია ქართველ მეფეთა პორტრეტული გამოსახულებანი, როგორებიცაა მაგალითად, ბაგრატ IV მეოთხის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი გამოსახულება.

თეონა ნოზაძე





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics